logo
ENG



გამყრელიძე ამბობს, რომ არსებული ეპიდვითარება არ იძლევა საშუალებას, რომ კლუბები გაიხსნას

17 დეკ 202122:06
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე ამბობს, რომ არსებული ეპიდვითარება არ იძლევა საშუალებას, რომ კლუბები გაიხსნას

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ღამის კლუბების გახსნის საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განხილულა.

როგორც გამყრელიძემ ფორმულას გადაცემაში მრგვალი მაგიდა აღნიშნა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ღამის კლუბებმა ღონისძიებები გამართონ. 

"რამდენადაც მახსოვს, ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განხილულა და არ გადაწყვეტილა. იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღამის კლუბები ემზადებიან, შესაბამისი წესების მკაცრად დაცვითა და აღსრულებით, მაგრამ რომ საკოორდინაციო საბჭოს მიეღო გადაწყვეტილება მათი მუშაობის აღდგენის შესახებ, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე არ მიიჩნევს, რომ ეს კლუბების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომაა. 

"არამგონია, რომ დისკრიმინაციული მიდგომა იყოს ამ დროს. მოგეხსენებათ ღამის კლუბები მომატებული რისკის მქონე დაწესებულებებია. გასაგებია, რომ მათ ჩაატარეს ბევრი ტრენინგები და ვიცი, რომ ემზადებოდნენ და ემზადებიან სერიოზულად, მაგრამ ჯერ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში, არამგონია, რომ იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. ამიტომ, ჯერ უნდა ფრთხილად ვიყოთ", - განაცხადა გამყრელიძემ. 

***

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკებერს განაახლებდნენ. 

ინსპექციის განცხადებას კლუბ მტკვარზე-ს დამფუძნებელი ქეთა გაბუნია გამოეხმაურა და თქვა, რომ ღონისძიებები დღეს ჩატარდება და მთავრობამ დიდი ხანია იცის, რომ კლუბები 17-18 დეკემბერს იხსნებოდა, თუმცა კლუბები საკოორდინაციო საბჭოსგან დასტურს ამ დრომდე ელოდნენ.

კლუბ ხიდის წარმომადგენელი სოფო ებრალიძე ამბობს, რომ დღეს ღამის კლუბები გაიხსნება. 

შრომის ინსპექციამ ხიდი 3 დეკემბერს დააჯარიმა, დალუქვის შესახებ ბრძანება გასცა და ხიდს გონივრული ვადა მისცა კლუბის დასატოვებლად. მოგვიანებით ხიდმა გაავრცელა განცხადება, რომ ამ ეტაპზე კლუბს ტოვებდნენ და პასუხისმგებელ პირებს "გონივრულ ვადას" აძლევდნენ, რომ კლუბის მუშაობა დაეშვათ.

ასევე, შრომის ინსპექციამ 4 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ მოუწოდებენ ღამის კლუბებს არ განახორციელონ აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმისა თუ დალუქვის სახით.

პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საკლუბო სექტორში დაახლოებით 8 000 ადამიანია დასაქმებული და ისინი 21 თვეა შემოსავლის გარეშე დარჩნენ. პეტრიაშვილის თქმით, მიმდინარეობდა კონსულტაციები კლუბების ასოციაციასთან და ყველა პარამეტრებით, 20 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო რეგულაციები, რომლის შედეგად უნდა მოხერხებულიყო კლუბის ისე ამუშავება, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ დაცულად. პეტრიაშვილის თქმით, სრულად გაუგებარია შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში გასართობი ღონისძიებაა ჩანიშნული. 

ცნობისთვის, რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია. 


close დახურვა