logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: თუ კოზაკი ხარ - გაიჭყლიტები!

23 იან 202220:08
3 წუთის საკითხავი
clock 2334

სირაქლემას და პარლამენტის დანიშნული თავმჯდომარის დამალვის, ან ბევრი სხვა ანალოგიის გახსენებით შემეძლო დამეწყო, მაგრამ კოზაკი მაინც ბოლოო დღეების სიბრძნისმეტყველებითი გამოვლინებების   ყველაზე პოპულარული სურათხატი გახდა. "აქლემების ჩხუბში კოზაკი გაიჭყლიტაო" - კარგად ნასწავლი და დამახსოვრებული - შეგვახსენეს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილი ასეც ფიქრობს: რუსეთისა და დასავლეთის დიდ დაპირისპირებას, რომლის საბრძოლო თეატრი დღეს უკრაინაა, საქართველო მაქსიმალურად უნდა გამოერიდოს, გაჭყლეტვას რომ გადაურჩეს. ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ ისტორიის განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა, რომელიც მუდამ იყო დიდი იმპერიების დაპირისპირების არეალში, სწორედ ასე იქცეოდა და ამიტომაც გადარჩა და მოვიდა დღემდე.

არ არის ასე: იმ მცირე გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით როცა ჩვენ საკუთარ ომებს ვაწარმოებდით ამ დაპირისპირებებში საქართველო უმეტესწილად მონაწილეობდა. თუმცა მას ნეიტრალური, ანუ "კოზაკის როლი" არასდროს ქონია. ის ყოველთვის ვიღაცის მხარეს იყო და ე.წ. “სხვის ომში” აქტიურად იბრძოდა. იბრძოდა იმისთვის, რომ თავი გადაერჩინა და დღემდე სწორედ ამიტომ მოვედით, რომ აქლემების ჩხუბში კოზაკივით არ გავიჭყლიტეთ.

ვითარება დღესაც ანალოგიურია, თუმცა განსხვავებაც დიდია. ერთ მხარესაა მთელი ცივილიზებული სამყარო და უკრაინა, მეორე მხარეს კი პუტინის ურდო, მისნაირი ავტორიტარი თანამგრძნობებით. საქართველო კი ვითომ არც აქეთ არის, არც იქით, სამარცხვინოდ დუმს იმის შიშით რომ მოსკოვი არ გააღიზიანოს, კოზაკის როლს ირგებს და პასიურობისა და ვითომდაც ნეიტრალურობის წყალობით ცდილობს გაჭყლეტვას გადაურჩეს. არადა თუ მართლაც გვინდა გადარჩენა და თუ ისტორიიდან რამე ვისწავლეთ ისაა, რომ სწორ მხარეს უნდა დავდგეთ და აქტიურად ვიბრძოლოთ მეორე მხარის წინაღმდეგ, იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენი თავი, დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა გადავარჩინოთ, რა თქმა უნდა თუ ასეთი რამ საერთოდ გვინდა.

აი რომელია "სწორი" მხარე, შესაძლოა ოცნების ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ორჭოფობდნენ, თუმცა ქვეყანაში ეს არჩევანი დიდი ხანია გაკეთებულია: საქართველოს პრეტენზია აქვს რომ ის დემოკრატიული დასავლეთის ნაწილია, ან უნდა გახდეს მაინც. ამას ამბობს მოსახლეობის უმრავლესობაც - რეფერენდუმის შედეგით და საქართველოს კონსტიტუციაც - შავით თეთრზე დაწერილი ევროატლანტიკური ორიენტაციით. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ რუსეთი ქართული სახელმწიფოებრიობის დეკლარირებული მტერი და მოქმედი ოკუპანტია. მორალურადაც და პრაგმატულადაც საქართველო დღეს ღიად და აშკარად, ყოველგვარი შეფარვის გარეშე უკრანისა და დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ თავისუფლების დროშას უნდა აფრიალებდეს და "სლავა უკრაინის" მკაფიოდ გამოთქვამდეს.

მორალურად იმიტომ, რომ უკრაინა ყოველთვის ერთგულად იდგა საქართველოს გვერდით რუსეთ-საქართველოს ყველა ომის დროს: მეომართა რაზმებით, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებით, ემბარგოს მიუხედავად იარაღითა და ტყვიაწამლის მოწოდებით, უპირობოდ გვიჭერდა მხარს ყველა საერთაშორისო ფორუმსა თუ ფორმატში, მიუხედავად იმისა სიამოვნებდა თუ არა ეს მოსკოვს. 

პრაგმატულად კი იმიტომ, რომ თუ უკრაინა და დასავლეთი რუსეთთან დამარცხდება, საქართველო ვერც ჩირგვში ჯდომით და ვერც მით უმეტეს პუტინის უკანალში შეძრომით თავს ვერ გადაირჩენს. ეს საქართველოს მარცხიც იქნება და მისი დასავლური ინტეგრაციის დასასრულიც. ხოლო თუ დემოკრატიული დასავლეთი უკრაინასთან ერთად ამ ომში გაიმარჯვებს, და ძნელი წარმოსადგენია რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს შერჩეს ამ ბრძოლის მოგების რესურსი, გამარჯვებულ დასავლეთში უკრაინასთან ერთად უკვე საქართველოს ადგილი აღარ იქნება.

მეტიც, რუსეთს დღეს ორი ფრონტის გახსნის ფუფუნება არ აქვს. და რაგინდ საშიშადაც არ უნდა ჟღერდეს პუტინის მუქარა, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გაღიზიანების შიშით ჩუმად კი არ უნდა იყოს,  პირიქით, თამამი განცხადებები უნდა აკეთოს და ნაბიჯებიც გადადგას, რომ ამ კრიტიკულ მომენტში ქვეყანა დასავლეთის განუყოფელ ნაწილად იქცეს და ბალტიის, ვიშეგრადის თუ ჩრდილო ევროპის ქვეყნების მსგავსად უკრაინას ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის იარაღითაც დაეხმაროს. 

30 წელი გავიდა რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ეს საკმარისზე მეტი დროა იმისთვის, რომ ბავშვური ინფანტილიზმის ხანა საბოლოოდ დასრულდეს და გავითავისოთ, რომ თავისუფლებას და სუვერენიტეტს თავისი ფასი აქვს -"..თავისუფლება ისე არ მოდის.." და "ისე" ვერც მისი შენარჩუნება ხერხდება. ამ ფასის ნაწილი გამსახურდიას და კოსტავას თუ შემდგომმა თაობებმა თავისი სისხლით, ბრძოლით და გაჭირვებით უკვე გადაიხადეს. მოსკოვთან მოფერებისა და დაყვავების პოლიტიკა არ ჭრის. თავისუფალი სამყაროს წევრობას, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას კი პარტნიონრებთან ერთად ე.წ. სხვის ომში, რომელიც ამავე დროს ჩვენი ომიცაა, ღირსეული ბრძოლა სჭირდება.

ამ ყველაფრის უარესი ალტერნატივა კი "კოზაკობაა", ანუ საკუთარ ნებაზე უარის თქმა და სხვისი მანიპულირების ობიექტად ქცევა, როდესაც ეგუები მტრის მიერ შენთვის განსაზღვრულ ბედს, პასიურ როლს, უბრძოლველად ნებდები, დროებით გადარჩენას კი დამალვით ცდილობ, როგორც ამას დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს. თუმცა თავადაც კარგად იცი, რომ აქლემების ჩხუბი ამით არ დასრულდება. კოზაკი კი  რომელიღაც ასეთი ჩხუბისას აუცილებლად გაიჭყლიტება.

მათ კი, ვინც მზად არის თავისუფლებისთვის იბრძოლოს აქედან ჩვენ შევძახოთ: Браття українці, грузини разом із вами! Слава Україні, Волі слава!


close დახურვა