logo
ENG



Covid-19-ის პანდემიისას ბრიტანეთის ხელისუფლებამ 16 წვეულება გამართა - სიუ გრეის ანგარიში

02 თებ 202216:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/02/52vkfkushl9mw62.jpg
BBC

დიდ ბრიტანეთში დაუნინგის ქუჩაზე პანდემიისას გამართული წვეულებების და სოციალური შეკრებების შესახებ ანგარიში ორშაბათს გამოქვეყნდა. ანგარიშში ბორის ჯონსონს ლიდერობაში ჩავარდნებისა და სამუშაო ადგილზე ალკოჰოლის გადაჭარბებულად მოხმარების გამო აკრიტიკებენ.

დაუნინგის ქუჩაზე ლოკდაუნის პერიოდში დიდ ბრიტანეთის სახელმწიფო შენობებში სოციალური ღონისძიებებისა და დარღვევების შესახებ ანგარიში საჯარო მოხელემ, სიუ გრეიმ მოამზადა.

ანგარიშის მიხედვით, 16 შეკრების ფაქტი 2020 წლის მაისიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით, 12 სხვადასხვა დღეს დაფიქსირდა. ყველა მათგანი დაუნინგის 10 ნომერში ან კაბინეტის ოფისში გაიმართა, 1 კი განათლების დეპარტამენტში. ამ წვეულებებიდან 12-ს პოლიცია იკვლევს. მათ შორის 3 ისეთი მოვლენაა, რაზეც საზოგადოებას ინფორმაცია აქამდე არ ჰქონია.

პირველადი მონაცემებით, ანგარიში მიუთითებს ლიდერობასა და გადაწყვეტილებებში ჩავარდნებს და პანდემიის ფონზე სამუშაო სივრცეში ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღებაზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი შეკრება არ უნდა ყოფილიყო დაშვებული, ზოგი კი იმგვარად არ უნდა განვითარებულიყო, როგორც ეს მოხდა.

ოფიციალურ დოკუმენტის ძირითად მიგნებების შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ერი პანდემიაში:

  • ამ შეკრებებზე ზოგიერთი ქცევის გამართლება რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას მოეთხოვებოდა მიეღო მათ ცხოვრებაზე დაწესებული მასშტაბური შეზღუდვები.
  • ზოგიერთი მოვლენა წარმოადგენს მმართველობაში სერიოზულ ჩავარდნას იმ სტანდარტების დაცვაში, რისი შესრულების მოლოდინიც საზოგადოებისგან არსებობდა.
  • როგორც ჩანს, ზოგ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან ზედაპირული იყო იმის გააზრება, რაც ქვეყანაში ხდებოდა, განსაკუთრებით ჯანდაცვის რისკების შესახებ და იმაზე, თუ როგორ გამოჩნდებოდა სხვადასხვა მოვლენა საზოგადოების თვალში.

ჩავარდნა ლიდერობაში:

  • დაუნინგის N10 ნომერში სხვადასხვა განყოფილების მხრიდან, მმართველი ოფისში სხვადასხვა დროს იყო ჩავარდნები ლიდერობასა და გადაწყვეტილებებში.
  • ზოგიერთი ღონისძიების გამართვა არ უნდა ყოფილიყო დაშვებული. სხვა შემთხვევებში კი მოვლენების ამგვარი განვითარება დაუშვებელი უნდა ყოფილიყო.
  • უნდა არსებობდეს უფრო მარტივი გზები იმისთვის, რომ თანამშრომლებმა არაფორმალურად გამოხატონ შეშფოთება მენეჯმენტის ხაზის მიღმა.

დალევის კულტურა

  • ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება პროფესიონალების სამუშაო ადგილისთვის შესაფერის არცერთ დროს არაა.
  • ყოველ სახელისუფლებო დეპარტამენტს უნდა ჰქონდეს მკაფიო და მტკიცე პოლიტიკა ალკოჰოლის მოხმარების შესახებ.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა 70 ინდივიდი. შემოწმდა იმეილები, ვოთსაპის და მოკლეტექსტური მესიჯები. გადაიხედა ფოტოები და შენობაში შესვლისა და გამოსვლის მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში არაა იმაზე საუბარი, ამ ღონისძიებებზე დაცული იყო თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთოხებისა და ჰიგიენის წესები.

მეორე მხრივ ბორის ჯონსონი უარყოფს, რომ სიუ გრეიმ მის მმართველობაში გადაცდომებს მიაგნო. ჯონსონი ამბობს, რომ პოლიციის გამოძიებას დაელოდება.

***

შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაუნინგის 10 ნომერში ქვეყანაში გამოცხადებული ლოკდაუნის ფონზე 2020 წლის მაისში წვეულება გაიმართა. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 12 იანვარს ბოდიში მოიხადა 2020 წლის მაისში დაუნინგის ქუჩაზე, პრემიერმინისტრის სახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე დასწრებისთვის მაშინ, როცა ბრიტანელებს კორონავირუსის შეზღუდვების გამო შეკრება ეკრძალებოდათ.

ჯონსონმა თქვა, რომ ვიდრე პრემიერ მინისტრისთვის განკუთვნილ სახლში შევიდოდა, გარეთ არსებულ შეკრებას 25 წუთით დაესწრო. მან განაცხადა, რომ ეგონა ეს სამსახურთან დაკავშირებული შემთხვევა იყო, თუმცა აღიარებს, რომ წინდაუხედავად მოიქცა.

14 იანვარს კი გამოცემა ტელეგრაფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის ადმინისტრაციის წევრებმა პრინცი ფილიპის დაკრძალვის წინა ღამით, 2021 წლის 16 აპრილს, როცა კორონავირუსის შეზღუდვების გამო შენობაში და გარეთ შეკრება იკრძალებოდა, 2 წვეულება გამართეს.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის არაერთმა წევრმა პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს წერილობით უნდობლობა გამოუცხადა. აღსანიშნავია, რომ ჯონსონის კონსერვატიული პარტიის არაერთმა წევრმა უკვე დააფიქსირა აზრი, რომ ჯონსონი პრემიერმინისტრობიდან უნდა გადადგეს თუ დადასტურდება, რომ ის ამ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრო.

 

close დახურვა