logo
ENG



სანაია სახლის გატეხვაზე: თუ ყოფით ნიადაგზეა, რამე უნდა დაკარგულიყო, დაველოდოთ გამოძიებას

07 თებ 202220:36
3 წუთის საკითხავი
 

ჟურნალისტი ვახო სანაიას მისი ძმის, გიორგი სანაიას ყოფილი ცოლის სახლის გატეხვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი კორპუსის გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერებია განთავსებული და გამოძიებას საქმის გახსნა არ უნდა გაუჭირდეს. 

სანაია მომხდარს მის ეთერში კონსტანტინე ციხისთავის მიერ მიცემულ ინტერვიუს ვერ უკავშირებს, თუმცა არც უარყოფს. მისივე თქმით, ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ პირველადი დათვალიერებით სახლიდან არაფერი დაკარგულა. 

ის გამოძიების შედეგების მოლოდინშია და იმედოვნებს, რომ სახლში შესულ პირს ან პირებს მალე დააკავებენ. 

"ვერსიებზე არ ვილაპარაკებ. არ ვილაპარაკებ იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიებამ პირველი შედეგი მაინც უნდა დადოს. რამდენიმე საათია ადგილზე მუშაობენ. არის ირგვლივ სათვალთვალო კამერები, რომლის ჩანაწერებსაც ამოიღებენ. რა ფაქტიც დაასახელეთ [ციხისთავის ინტერვიუ] ამასთან კავშირს ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, იქიდან გამომდინარე, რომ ვარაუდების გამოთქმის უფლებას არ მივცემ ჩემს თავს. აქედან გამომდინარე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ველოდები რას იტყვის გამოძიება. კი, არის საეჭვო დეტალი ის, რომ სახლიდან არაფერია წაღებული, მაგრამ ნივთები არეულია, კარადიდან გადმოყრილია ნივთები. საინტერესოა ის, რომ ზოგიერთ ადგილს შეეხნენ და გადმოყარეს, მაგალითად თეთრეული და ზოგიერთ ადგილს არ შეეხნენ.

სავარაუდოდ გავიდნენ აივანზეც, იმიტომ რომ საკეტი იყო გაღებული. რაც შეეხება სახლის კარს, იქ საინტერესოა რას იტყვის ექსპერტიზა, რადგან სახლის გასაღები აქვთ ბავშვებს, შვილებს და ხათუნას. მეტი არავის უნდა ჰქონოდა ეს გასაღები. ამ სახლში ცხოვრობს ხათუნა, ასევე ხშირად რჩება სანდროც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე მალე გაიხსნას. იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება. ვერ ვიტყვი რომ რამე კავშირია [საქმის გააქტიურებასთან], ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არაფრის გვეშინია. დანარჩენი არ ვიცი - რამეს ეძებდნენ თუ ყოფით ნიადაგზე იყო, მაგრამ თუ ყოფით ნიადაგზეა, რამე უნდა დაკარგულიყო. კვალი შიდა ეზოდან მიდის ცენტრალურ გზამდე, რაც კინოლოგებმა დაათვალიერეს", - განაცხადა ვახო სანაიამ ფორმულას ეთერში. 

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

 


close დახურვა