ისრაელი თავის მოქალაქეების უკრაინიდან გაყვანას იწყებს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Haaretz ავრცელებს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც აშშ-ის ოფიციალური პირებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში სამშაბათს შეიჭრას.
პრემიერმინისტრი ბენეტი აცხადებს, რომ ახლა ისრაელის მოქალაქეების სრული ევაკუაციის უმოკლეს ვადებში დასრულებას გეგმავს, ვიდრე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად უკრაინაში 15 000 ისრაელის მოქალაქეა. ათასობით მათგანმა უკვე შეავსო ქვეყნიდან ევაკუაციის მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში უკრაინიდან კომერციული ფრენები გაიშვიათდა. შაბათს კი ავიაკომპანია Arkia-მ გამოაცხადა, რომ უკრაინიდან ორშაბათსა და სამშაბათს 2 საევაკუაციო ფრენა განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატებისა და მათი ოჯახების უკრაინიდან ევაკუაციის გადაწყვეტილება პარასკევს გამოაცხადა, უკრაინაში მყოფ სხვა მოქალაქეებს კი მოუწოდა, გადაეფიქრებინათ ქვეყანაში დარჩენა. გუშინ კი ახალი გადაწყვეტიულება მიიღეს, რომელიც ქვეყნიდან მოქალაქეების დაუყოვნებლივ ევაკუაციას გულისხმობს.
პრემიერმინისტრი ნაფტალი ბენეტი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს გუშინ შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი ისრაელმა მკაცრი გაფრთხილება გასცა უკრაინაში მოგზაურობისგან თავის შეკავებისა და უკრაინაში მყოფი მოქალაქეებისთვის ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვების მოთხოვნით.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის გამო არაერთმა ქვეყანამ უკვე მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს უკვე მოუწოდა ქყვენის დატოვებისკენ.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში მყოფ ბრიტანეთის ოფიციალურ პირებსა და მოქალაქეებს ქვეყნის კომერციული რეისებით დატოვებისკენ მოუწოდებს და უკრაინაში მოგზაურობისგან თავის შეკავებასაც ურჩევს.
აღსანიშნავია, რომ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს ნიდერლანდები, იაპონია, ლატვია და სამხრეთ კორეაც.
11 თებერვალს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის სრულად მზად არის და უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდეს, ქვეყანა 48 საათში დატოვონ.
აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს, მომდევნო კვირაში ან ორ დღეში დაიწყოს, როცა ვლადიმერ პუტინი შესაბამის ბრძანებას გასცემს.
გუშინ კი AP News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ კიევში საელჩოს სრული ევაკუაციის შესახებ განცხადებას აშშ-ის მთავრობა დღეს გააკეთებს. ეს კი იმ ფონზე როცა დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ იანვარში კიევში საელჩოს ამერიკელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხის გამო უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ განცხადების მიხედვით არაძირითად პერსონალს ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლო.
თებრვლის დასაწყისში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.
ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა დაამტკიცა პენტაგონის გეგმა, რომელიც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით ცდილობს თავიდან აიცილოს ის ქაოსური ევაკუაცია, რაც აგვისტოში ავღანეთის შემთხვევაში მოხდა.
გუში РИА Новости-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.
გამოცემას წყარო უყვება, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის შემდეგ მოსკოვმაც გადაწყვიტა იმავენაირად იმოქმედოს.