logo
ENG



ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

15 თებ 202220:15
3 წუთის საკითხავი
clock 1309
ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე წარდგენილი იქნება რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად.

შუალედური არჩევნები წელს, 2 აპრილს გაიმართება და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ. პოზიცია მას შემდეგაა ვაკანტური, რაც ქართული ოცნების წევრმა ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი რუსთავის მერად არჩევის შემდეგ დატოვა.

ლელოს ლიდერმა რუსთავის მოსახლეობასა და ოპოზიციურ პარტიებს შუალედურ არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„იწყება ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ეს არის პრინციპული ბრძოლა. ამიტომ, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე იქნება წარდგენილი რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად შუალედურ არჩევნებში, იმისათვის, რომ დავუმტკიცოთ, რომ ძალა არის ხალხის ხელში. იმისათვის, რომ დავამტკიცოთ, რომ მანდატზე კი არაა საუბარი, რომ ცვლილება შეგვიძლია.

მე მინდა მივმართო რუსთაველებს: ეს არის პრინციპული ბრძოლა", - განაცხადა პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ. 

პარლამენტმა დღეს სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას შეუწყვიტა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, პარლამენტი დატოვა ყოფილმა სპიკერმა, კახა კუჭავამ. 

ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს. მათი თქმით, დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი.

ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაული ხანდაზმულია, ამიტომ დეპუტატს მანდატი არ უნდა შეუწყდეს. 

***

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს ცესკოს განკარგულებით, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

2022 წლის 2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს.

შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც ის რუსთავის მერად აირჩიეს.

ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა

ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 24 ნოემბერს ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის შუალედურ არჩევნებში კანდიდატურად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე წარადგინა.

ქართულმა ოცნებამ შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები თებერვლის დასაწყისში  წარადგინა

ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მმართველი პარტიის კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმის საკრებულოს არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად რამაზ ჯინჭარაძე დასახელდა. ამჟამად ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.

შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მე-12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი მოიცავს ქალაქ რუსთავის 84 და გარდაბნის 33 საარჩევნო უბანს. 


close დახურვა