logo
ENG



ჰარისი: რუსეთი ირწმუნება, რომ დიალოგისთვის მზადაა, მათი ქმედებები ამ სიტყვებს არ შეესაბამება

19 თებ 202218:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/19/r86noarzxmrhy6x.jpg
Getty Images

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენულობას მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ უკრაინაში დაძაბულობის ფონზე დასავლური ალიანსი ახლა გადამწყვეტი მომენტის წინაშეა.

ჰარისმა ასევე გააფრთხილა რუსეთის ლიდერები, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეების მხრიდან რუსეთს უპრეცედენტო ეკონომიკური სანქციები ელოდება. მისი თქმით სამიზნე რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებისა და მთავარი ინდუსტრიების  გარდა ის ადამიანებიც იქნებიან ვინც პირდაპირ ან ირიბადაა ჩართული ამ შეჭრაში.

კამალა ჰარისის განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ევროპელი მოკავშირეები მთელი ამ დროის მანძილზე იყვნენ და კვლავ მზად არიან რუსეთთან სერიოზული დიპლომატიური დიალოგისთვის. მეორე მხრივ, კი  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დიპლომატიური გზებისთვის მზაობას გამოთქვამს, მისი ქმედებები საპირისპიროზე მეტყველებს.

ჰარისმა ასევე ისაუბრა რუსული მედიების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებაზეც და რუსუ სცენარზე, რაც ამერიკისთვის უკვე კარგადაა ცნობილი.

„ეს სცენარი კარგად ნაცნობია ჩვენთვის. რუსეთი შექმნის ცრუ პრეტექსტებს შეჭრისთვის და დაუფარავად მოაბილიზებს სამხედრო და საბრძოლო რესურსებს.

რუსეთი კვლავ ირწმუნება, რომ ის მზადაა საუბრისთვის, როცა იმავდროულად ის დიპლომატიის შესაძლებლობებს ავიწროებს. მათი ქმედებები უბრალოდ არ შეესაბამება მათ სიტყვებს.“ - განაცხადა კამალა ჰარისმა.

მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკა უკრაინის დასახმარებლად მზადაა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური სანქციების გარდა აშშ NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებს გაამყარებს და იზრუნებს კოლექტიურ უსაფრთხოებაზე.

მისი თქმით, ამერიკამ უკვე 6 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა რუმინეთში, პოლონეთსა და გერმანიაში, ხოლო დამატებით 8 500 ჯარისკაცი მზადყოფნაშია ევროპაში გასამგზავრებლად. ჰარისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე არ იბრძოლებენ. ჰარისის თქმით, ამერიკელი სამხედროები NATO-ს ტერიტორიის უსაფრთხოებას დაიცავენ.

„როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, ჩვენი ძალები უკრაინაში ბრძოლისთვის არ განთავსდებიან. თუმცა ისინი დაიცავენ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს.“ - განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.

კამალა ჰარისი დღეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება. ზელენსკი მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად რამდენიმე საათით ჩაფრინდა.

***

**

რუსეთ-უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. რამდენიმე თვეა, რუსეთმა აქ 100 ათასზე მეტი სამხედრო განალაგა. 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 19 თებერვლის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რუსეთი ამას მომდევნო კვირაში გააკეთებს, მიზანში კი დედაქალაქს, კიევს ამოიღებს. 

18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონში გამშვებ პუნქტ Щастя-ს ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროს ადგილზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ჰუმანიტარული დახმარების მანქანების კოლონა იმყოფებოდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ დაარღვიეს, მათგან 43 შემთხვევაში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა.

უკრაინის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო და მინიმუმ 5 მოქალაქე დაზარალდა.

გარდა ამისა, 17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.

ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა ვითარების გამწვავების საბაბით 18 თებერვალს ევაკუაცია გამოცხადეს. 

ევაკუაციის გამოცხადებიდან მალევე, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის ბანაკებს გაამზადებდნენ, ხოლო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველ მათგან 10 ათას რუბლს დაჰპირდა.

რამდენი ადამიანი აპირებს რუსეთში გადასვლას, უცნობია. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დენის პუშილინმა რუსულ სამთავრობო არხთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ სავარაუდოდ, ევაკუაცია ასი ათასობით ადამიანს შეეხება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმამ პრეზიდენტ პუტინს ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარებისთვის მიმართა. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას დაუჭირეს მხარი. 

საპასუხოდ უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.

დასავლეთი ვითარების დიპლომატიურ ფარგლებში გადატანას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს. 

აშშ და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნები უკრაინას სამხედრო ტექნიკით, აღჭურვილობით და ტყვია-წამლით ეხმარებიან. გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს პირობები წაუყენა: 

უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.

რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ. 

აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. დასავლეთი კი რუსეთის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც მათ გათვალისწინებას აპირებს. 


close დახურვა