logo
ENG



სტოლტენბერგი: თუ რუსეთის მიზანია, საზღვრებთან ნაკლები NATO ჰქონდეს, ის მხოლოდ მეტს მიიღებს

19 თებ 202219:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/19/9k648v9dmgooetg.jpg
NATO

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერაში NATO ერთიანია და თუ რუსეთს სურს ნაკლებად იხილოს ალიანსი თავის საზღვრებთან, მხოლოდ საპირისპირო შედეგს მიიღებს.

დღეს მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე სტოლტენბერგმა უკრაინაში დაძაბულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხია.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზება ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო მოქმედებაა და მიუხედავად იმისა, რომ მომავლის გეგმები ბუნდოვანია, რეგიონში კონფლიქტის რისკი დიდია.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დეესკალაციის ნიშნები არ ჩანს და რუსეთი კვლავ ზრდის სამხედრო მობილიზებას უკრაინის საზღვრებთან.

მისი თქმით, NATO, როგორც თავდაცვითი ალიანსი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მოკავშირე ქვეყნების დასაცავად ალიანსი ყველა ზომის მისაღებად მზადაა.

„NATO თავდაცვითი ალიანსია. ჩვენ არ ვუქმნით საფრთხეს რუსეთს ან ვინმე სხვას. მაგრამ ჩვენი ყველა მოკავშირის დასაცავად ყველა საჭირო ზომას მივიღებთ.

ამიტომაა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ჩვენ ვაძლიერებთ შეკავების პოლიტიკასა და თავდაცვას მთელ ალიანსში, რათა თავიდან ავიცილოთ არასწორი გათვლები ან გაუგებრობები ერთმანეთის დაცვის შესახებ ჩვენს ურყევ ერთგულებაში.

ასე რომ, თუ კრემლის მიზანია ჰქონდეს ნაკლები NATO რუსეთის საზღვრებთან, ის მხოლოდ მეტ NATO-ს მიიღებს. და თუ მას სურს დაანაწევროს NATO, ის მხოლოდ კიდევ უფრო ერთიან ალიანსს მიიღებს“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს უკან დახევისკენ და გამოთქვა მოსკოვთან დიალოგისადმი მზადყოფნა. ის მოსკოვსა და NATO-ს ყველა მოკავშირეს NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრებზე იწვევს. სტოლტენბერგის თქმით, მან  წერილობით უკვე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც.

***

რუსეთ-უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. რამდენიმე თვეა, რუსეთმა აქ 100 ათასზე მეტი სამხედრო განალაგა. 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 19 თებერვლის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რუსეთი ამას მომდევნო კვირაში გააკეთებს, მიზანში კი დედაქალაქს, კიევს ამოიღებს. 

18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონში გამშვებ პუნქტ Щастя-ს ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროს ადგილზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ჰუმანიტარული დახმარების მანქანების კოლონა იმყოფებოდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ დაარღვიეს, მათგან 43 შემთხვევაში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა.

უკრაინის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო და მინიმუმ 5 მოქალაქე დაზარალდა.

გარდა ამისა, 17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.

ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა ვითარების გამწვავების საბაბით 18 თებერვალს ევაკუაცია გამოცხადეს. 

ევაკუაციის გამოცხადებიდან მალევე, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის ბანაკებს გაამზადებდნენ, ხოლო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველ მათგან 10 ათას რუბლს დაჰპირდა.

რამდენი ადამიანი აპირებს რუსეთში გადასვლას, უცნობია. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დენის პუშილინმა რუსულ სამთავრობო არხთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ სავარაუდოდ, ევაკუაცია ასი ათასობით ადამიანს შეეხება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმამ პრეზიდენტ პუტინს ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარებისთვის მიმართა. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას დაუჭირეს მხარი. 

საპასუხოდ უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.

დასავლეთი ვითარების დიპლომატიურ ფარგლებში გადატანას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს. 

აშშ და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნები უკრაინას სამხედრო ტექნიკით, აღჭურვილობით და ტყვია-წამლით ეხმარებიან. გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს პირობები წაუყენა: 

უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.

რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ. 

აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. დასავლეთი კი რუსეთის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც მათ გათვალისწინებას აპირებს. 


close დახურვა