გასულ კვირას უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ პირველად კიევის რეგიონზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინელმა სამხედროებმა კიევის გარშემო 30-ზე მეტ ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს. მათ შორისაა ქალაქი ბუჩაც, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი რუსული ჯარების სისასტიკემ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსგავსი ან უარესი სიტუაციაა გათავისუფლებულ სხვა ქალაქებში.
ოფიციალური წყაროები
უკრაინის უმაღლესი რადას ინფორმაციით, ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში რუსმა სამხედროებმა უკრაინელი ხალხის გენოციდი მოაწყვეს.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ 410 დაღუპული მოქალაქის სხეულს მიაგნეს კიევის რეგიონში. მათგან 140 ექსპერტებმა უკვე გამოიკვლიეს.
ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა კი დღეს განაცხადა, რომ ბუჩაში 320 მშვიდობიანი უკრაინელი დაიღუპა. უკრაინულმა ძალებმა მასიურ საფლავებში დაახლოებით 280 ადამიანის სხეულს მიაგნეს, ათობით მსხვერპლი კი ქუჩაში, შეკრული ხელებით იწვა.
უკრაინის უმაღლესი რადა თავადაც ავრცელებს და ადასტურებს ინფორმაციას რუსეთის კონკრეტულ სისასტიკეებზე.
რადას ინფორმაციით, კიევიდან 20 კილომეტრში, მაგისტრალის სიახლოვეს, უკრაინელმა სამხედროებმა საბნის ქვეშ 5 გარდაცვლილი შიშველი ქალი იპოვეს. ისინი რუსმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს, მოკლეს, შემდეგ კი მანქანის საბურავებზე დააწვინეს და მათი დაწვა სცადეს.
მოტიჟინში, კიევის რეგიონის კიდევ ერთ სოფელში, უკრაინის ხელისუფლებამ სოფლის ხელმძღვანელის ოლგა სუხენკოს, მისი ქმრისა და შვილის სხეულები იპოვეს. ისინი რუსმა სამხედროებმა 23 მარტს მძევლად აიყვანეს.
ოკუპანტებმა 6 მოქალაქე- 2 ქალი და 4 კაცი დახვრიტეს და გზის სიახლოვეს თხრილში ჩააგდეს, ზოგიერთს ხელები ზურგზე ჰქონდა შეკრული. უკრაინის უმაღლესი რადას ინფორმაციით, ჟიტომირის მაგისტრალზე, სოფელ დმიტრივკასთან, კიევის სიახლოვეს გზაზე ასევე დაღუპულთა სხეულები იპოვეს. ირპენში კი რუსებმა რამდენიმე ქალს ესროლეს, შემდეგ კი ტანკებით გადაუარეს.
ბუჩაში მრავალი დაღუპული ქუჩებში, სახლებში, სარდაფებსა და ეზოებში იწვა. ბევრ მათგანს სხეულზე წამების კვალი ეტყობა. მათ ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს, ვინც ველოსიპედით გადაადგილდებოდნენ და ჯარისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.
პოლიციის ინფორმაციით კი ოკუპანტებმა ტერიტორიის გარდა დაღუპულთა სხეულებიც დანაღმეს.
უკრაინის ვერხოვნა რადას ინფორმაციით, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ არაადამიანური სისასტიკის, რასაც რუსულმა ძალებმა უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართეს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პროკურატურის გარდა მუშაობს მსგავსი ომის დანაშაულების შეგროვებასა და გამოძიებაზე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიც აგროვებს ფაქტებს უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსების ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის მიმდინარეობისას რუსეთის ჩადენილი 4 684 დანაშაულია რეგისტრირებული. მათი უდიდესი ნაწილი - 4 533 შემთხვევა, ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას ეხება. უკრაინის პროკურატურამ რუსეთის ომის დანაშაულების აღრიცხვისა და შეგროვების მიზნით სპეციალური ვებგვერდი შექმნა.
უკრაინის პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში ბუჩაზე უარესი ვითარებაა.
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინის აგრესიას 167 ბავშვი ემსხვერპლა, 279 კი დაიჭრა. თუმცა პროკურატურის ინფორმაციით, რიცხვები სავარაუდოდ უფრო მაღალია, რადგან შეტაკებების ადგილებიდან სრულ ინფორმაციას ვერ იღებენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად ყოველ დღე დაახლოებით 5 უკრაინელი ბავშვი კვდება.
უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა აცხადებს, რომ სექსუალური ხასიათის დანაშაულების რიცხვი მუდმივად იზრდება, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსულ ჯარებს უკავიათ და შეტაკებების ადგილებშიც. ის აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცების მხრიდან უკრაინელი ქალების, კაცების, ბავშვებისა და მოხუცების გაუპატიურებისა და შეურაცხყოფის შემთხვევებზე ინფორმაცია სოციალურ ქსელებში მუდმივად ვრცელდება, თუმცა მსხვერპლთა დიდი ნაწილი დუმს.
„ჩვენ მუდმივად ვიღებთ ოპერატიულ ინფორმაციას ამგვარი დანაშაულების შესახებ, სოციალური ქსელები ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობენ. მაგრამ მსხვერპლნი დუმან. და ეს გასაგებია: შიში, ტკივილი, სასოწარკვეთა, ყველასადმი ტოტალური უნდობლობა“ - აცხადებს ვენედიქტოვა.
პროკურორი აცხადებს, რომ ჟურნალისტები მუდმივად სვამენ კითხვებს გაუპატიურების შემთხვევებზე. ვენედიქტოვას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ „სტატისტიკა მუდმივად განახლებადია, მაგრამ მათ ვინც ასეთი საშინელი ძალადობა გამოიარეს, ძირითადად არ სურთ იქცნენ სტატისტიკად“.
უკრაინის გენერალური პროკურორი ძალადობის მსხვერპლთათვის განმეორებითი ტრავმის მიყენების თავიდან ასარიდებლად მედიებს სთხოვს, დაზარალებულების ამბების მოპოვებას ნუ ეცდებიან.
„დიახ, სამყარომ ნამდვილად უნდა იცოდეს სიმართლე რუსი ჯარისკაცების სისასტიკის შესახებ, თუმცა ეს ზედმეტად დიდი ფასია მსხვერპლისთვის“, - აცხადებს ირინა ვენედიქტოვა.
მედია
ბუჩასა და კიევის რეგიონში რუსი სამხედროების ჩადენილი სისასტიკის არაერთი ისტორია ვრცელდება მედიაში. ადამიანები ყვებიან საკუთარი თვალით ნანახ შემთხვევებზე, მათ შორის ახლობლების, მეზობლებისა და ოჯახის წევრების მკვლელობებზე.
The New York Times-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგად, უკრაინელები დაღუპულთა სხეულებს ეზოებში, სარდაფებსა და გზებზე პოულობდნენ. მათი ინფორმაციით, ქალაქში 3 დაღუპული ადამიანი ველოსიპედის გვერდით იწვა, ბევრს კი ხელები ზურგზე ჰქონდა შეკრული.
The New York Times-ის ჟურნალისტებს ადგილობრივმა მოსახლემ, სერგეი კაპლიშნიმ უთხრა, რომ მოქალაქეებს მასიური საფლავის გაკეთება მას შემდეგ მოუწიათ, რაც ადგილობრივი მორგი გადაიტვირთა. კაპლიშნის თქმით, ერთ დღეში მხოლოდ მან 30 ცხედარი გადაიყვანა სასაფლაოზე. მათგან 13 კაცს ხელები ზურგზე ჰქონდა შეკრული და ტყვია თავში, ახლო მანძილიდან იყო ნასროლი.
The Times-ის გავრცელებული ვიდეოებისა და სატელიტური ფოტოების მიხედვით, მოქალაქეების ნაწილი 3 კვირაზე მეტი ხნის წინ მოკლეს, მას შემდეგ რაც რუსეთმა ქალაქზე კონტროლი დაამაყრა და მათი გვამები ქუჩაში იყო.
Maxar Technologies-ის მიერ გადაღებულ სატელიტურ ფოტოებში ბუჩას ქუჩებში მინიმუმ 11 დაღუპული ადამიანის სხეული ჩანს, ვინც რუსულმა ძალებმა 11 მარტს მოკლეს.
ბუჩას ერთ-ერთი მცხოვრები, ვოლოდიმირ აბრამოვი BBC-სთან ინტერვიუში ჰყვება, რომ რუსი სამხედროები მის სახლში შეიჭრნენ და ის, მისი შვილი ირინა და ირინას ქმარი, ოლეგი ქუჩაში გაათრიეს. სახლს კი მათ თვალწინ ჭურვი ესროლეს.
ვოლოდიმირის თქმით, რუსებმა მისი სიძე, ოლეგი ეზოს მიღმა გაიყვანეს, დააჩოქეს, შემდეგ კი თავში ესროლეს. სამხედროებმა ვოლოდიმირსა და ირინას გასაქცევად 3 წუთი მისცეს.
„სამხედროებმა გვითხრეს, რომ 3 წუთი გვქონდა გასაქცევად. ბუჩა აპოკალიფსს ჰგავდა - მკვდრების სხეულები ყველგან, კვამლით სავსე ქუჩები" - აცხადებს ვოლოდიმირი.
ოჯახის წევრებს ოლეგის ქუჩაში დატოვება მოუწიათ. დაღუპულის სხეული იმ ადგილას თითქმის 1 თვე იწვა. როცა საფრთხემ გადაიარა, ვოლოდიმირი დაბრუნდა და მისი დაკრძალვა ტროტუარის სიახლოვეს, ნახევრად ამოთხრილ ორმოში სცადა, თუმცა მალევე საკუთარი სახლის ეზოში გადაასვენა, საიდანაც ბუჩას გათავისუფლების შემდეგ უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაიყვანეს. ოჯახმა არ იცის ახლა სადაა ოლეგის ცხედარი.
ვოლოდიმირ აბრამოვი მიუთითებს იმ ადგილზე, სადაც მისი სიძე, ოლეგი ოკუპანტებმა დააჩოქეს და თავში ესროლეს.
ფოტო: BBC
მედიები The Associated Press და FRONTLINE უკრაინაში ომის დანაშაულების შესახებ ინფორმაციას თავადაც აგროვებენ, ამოწმებენ და ასახავენ, მათ შორის საავადმყოფოებზე, სკოლებზე, დასახლებულ პუნქტებსა და სხვა სამოქალაქო სტრუქტურებზე თავდასხმებს. ამ დროისთვის მედიამ მთელ უკრაინაში 95 პოტენციური ომის დანაშაული აღრიცხა.
აღნიშნული მედიები ამოწმებენ ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალას, ისევე როგორც მოწმეთა მონათხრობს, ახალ ამბებსა და ოფიციალურ დოკუმენტებს. მათ წყაროებს შორისაა AP-ის ადგილზე მყოფი ჟურნალისტები, სხვა ახალი ამბების გამოცემები, სოციალური მედიის პოსტები, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები, უკრაინის სამხედრო და სახელმწიფო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
AP-ის დადგენილ ფაქტებს შორისაა ცნობები ბუჩაზეც. ადგილზე მყოფი რეპორტიორების ინფორმაციით, ქალაქის ეკლესიასთან 2 მასიური საფლავია, მინიმუმ 68 დაღუპული ადამიანის სხეულით. ამ ეკლესიის მღვდელი კი აცხადებს, რომ მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, თუმცა სამხედროების ნაწილიც აქაა დაკრძალული.
ჟურნალისტის ცნობით, მან ბუჩაში თავად იხილა 6 დამწვარი ადამიანის სხეული. ზოგიერთი მოქალაქის ცნობით, ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.
AP-ის ინფორმაციით, მინიმუმ 21 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე რუსებმა ახლო დისტანციიდან მოკლეს, მათ უმეტესობას ხელები შეკრული ჰქონდა.
ფოტო: Christopher Occhicone / The Wall Street Journal
The Wall Street Journal-ს კი ბუჩაში უკრაინის სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელი ვასილი შჩერბაკოვმა უთხრა, რომ ბუჩაში დაახლოებით 20 ადგილობრივის გვამს ქალაქის მინის საწარმოს სიახლოვეს მიაგნეს. რუსმა სამხედროებმა ადგილობრივებს დაღუპულების დაკრძალვა აუკრძალეს. „შემდეგ კი სხეულები დანაღმეს“ - განაცხადა შჩერბაკოვმა.
ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ქუჩაში დაღუპული ზოგიერთი უკრაინელის სხეული დანაწევრებულია, „მათ ძაღლები ჭამდნენ“ - აცხადებს ის.
სამხედროების თქმით, რუსულმა ძალებმა მოქალაქეებს შინ დარჩენა მოსთხოვეს, ვინაიდან შიშობდნენ, რომ ისინი მდინარის გავლით ქალაქ ირპინში გაიქცეოდნენ. ამ მიმართულებით მიმავალ გზაზე, იაბლუნსკას ქუჩაზე, უკრაინელებმა 4 მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
"ერთი დაღუპული კაცის გვერდით კარტოფილით სავსე პარკი ეგდო. მეორე მწვანე ველოსიპედზე იჯდა, მისი ტერფები კვლავაც ველოსიპედზე იყო. მან ცხოველების გამო თვალები დაკარგა", - წერს WSJ ვრცელ სტატიაში.
ფოტო: Christopher Occhicone / The Wall Street Journal
კვირას ბუჩაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ქალაქის მოსახლეობა შეიკრიბა და ნანახის მოყოლა დაიწყო. მოქალაქეებს ოფიციალური პირები იმ ადგილებისკენ მიჰყავდათ, სადაც დაღუპულები იპოვეს. ადგილობრივების თქმით, სროლის ხმა ძირითადად ღამით ისმოდა.
„ჩემს ეზოში 6 დაღუპულია. იქ დავკრძალეთ, რადგან მათი სხვაგან წაყვანის უფლება არ გვქონდა“ - ეუბნება ერთ-ერთი მოხუცი უკრაინელი ქალი კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს.
WSJ-ის ჟურნალისტების ცნობით, კალათბურთის მოედნის უკან, აღმართზე თხრილში ცხედრების რიგები მოჩანდა. 8-9 დაღუპული პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული. ბუჩას მერიასთან, ეკლესიის უკანაც ორმოა, რომელიც მასიურ სასაფლაოდ იქცა. მიწა მათ სხეულებს ბოლომდე ვერ ფარავდა, ამიტომ შორიდანაც მოჩანდა მიწის ზემოთ მათი სხეულის ნაწილები. WSJ წერს, რომ დაღუპულთაგან ერთ-ერთი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული, "თეთრ პარკში, წითელი ვარდებით".
კიევის სიახლოვეს, ერთ-ერთ სოფელში უკრაინის ძალებმა ცნობილი უკრაინელი ფოტოჟურნალისტის ცხედარს მიაგნეს. მაქსიმ ლევინი კვირების განმავლობაში დაკარგული იყო. პროკურატურის ინფორმაციით, ლევინს რუსმა სამხედროებმა ორჯერ ესროლეს. ამ დრომდე იძებნება მისი თანმხლები მეორე ფოტოგრაფი.
უკრაინული მედია აცხადებს, რომ ქალაქში ოკუპანტების მსხვერპლთა სხეულებს ახლაც პოულობენ. მათ შორის არიან დაღუპული ბავშვებიც.
დღეს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა განაცხადა, რომ ბუჩას ოკუპაციის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 320 მოქალაქე მოკლეს.
“ოკუპანტებმა დაახლოებით 320 მოქალაქე დახვრიტეს. რამდენიმე ეპიზოდი მე თავად ვნახე. სამი სამოქალაქო ტრანსპორტი, რომელიც ევაკუაციისთვის იყო განკუთვნილი კიევისკენ მიდიოდა, ისინი სასტიკად დაცხრილეს. იქ იყო ორსული ქალი, რომლის ქმარმაც დაიყვირა, რომ მისთვის არ ესროლათ, მაგრამ მათ ის სასტიკად დახვრიტეს“, - განაცხადა ფედორუკმა.
გამოცემა Obozrevatel-ს ინფორმაციით, ბუჩაში ბავშვთა სანატორიუმის სარდაფში დღეს 5 დაღუპული უკრაინელი იპოვეს.
უკრაინის ერთ-ერთი მოქალაქე, ალექსეი დაირაბეკოვი, კი ბუჩაში მომხდარ ამბებს აღრიცხავს და ტვიტერზე წერს. მისი ერთ-ერთი ტვიტის მიხედვით, დაახლოებით 10-მა მისმა მეზობელმა დაკარგა ახლობლები და ნათესავები, მაშინ როცა დაახლოებით 1 თვის წინ ბუჩადან ირპენში ევაკუაციას ცდილობდნენ.
ერთ-ერთ პოსტში დაირაბეკოვი აღწერს, როგორ დაცხრილეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის მოქალაქეების მანქანა.
„ერთ მანქანაში მთელი ოჯახი იყო: კაცი, ქალი და 2 ბავშვი. ქალი და ბავშვები ადგილზევე გარდაიცვალნენ. სხვა მანქანაში კაცი მოკლეს ადგილზე. ესენი ნამდვილი ადამიანები არიან, ეს არაა ცრუ ინფორმაცია.
მთელმა სამყარომ უნდა ნახოს ეს ფოტოები და იცოდეს, რომ ეს არა ომი, არამედ ჩვენი ერის მასობრივი ხოცვაა - ისევე, როგორც ამას ჰიტლერი აკეთებდა მეორე მსოფლიო ომის დროს. პუტინი ახლა ამას ჩვენ გვიკეთებს“, - აცხადებს დაირაბეკოვი.