აზოვის პოლკის კაპიტანი, სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ მიხაილ პოდოლიაკი და დავით არახამია მზად არიან მარიუპოლში ჩავიდნენ და რუსებთან ევაკუაციის საკითხი განიხილონ. ამის შესახებ მან ტელეგრამ არხით გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.
"დღეს უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვესაუბრეთ. კერძოდ დავით არახამიასა და მიხაილ პოდოლიაკს, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან მარიუპოლში მოლაპარაკებებისთვის ჩამოვიდნენ მედინსკისთან და სლუცკისთან [რუსეთის დელეგაციის წევრებთან] ერთად აქ დარჩენილი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ მესამე მხარის მხარდაჭერით ევაკუაცია განვახორციელოთ ქალაქ მარიუპოლიდან, რათა გადავარჩინოთ პირადი შემადგენლობა, რათა გავიყვანოთ დაჭრილები და დავმარხოთ ცხედრები რუსეთის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე", - თქვა პალამარმა.
გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ არ უჭერენ მხარს რუსეთის მოთხოვნას იარაღის დაყრასთან დაკავშირებით.
