logo
ENG



აშშ-ის ცნობით, ოკუპანტებმა ათობით ათასი უკრაინელი რუსეთში იძულებით გადაიყვანეს

13 მაი 202203:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/13/li7saa8e9yjzry2.jpeg
22 მარტი - რუსული ბანაკი მარიუპოლიდან იძულებით გამოყვანილი უკრაინელებისთვის
Maxar Technologies

აშშ-ის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა მინიმუმ რამდენიმე ათასი უკრაინელი რუსეთის ე.წ ფილტრაციის ცენტრებში გადაიყვანეს და მინიმუმ ათობით ათასი უკრაინელი რუსეთში ან რუსეთის კონტროლირებულ ტერიტორიებზე გადაიყვანეს.

ამის შესახებ ეუთოში (OSCE) აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. კარპენტერის თქმით, იძულებითი გადაადგილება და ე.წ ფილტრაციის ბანაკებში ძალადობა უკრაინელების მიმართ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების ნაწილია - ისინი უკრაინელებზე ამ ბანაკებშიც ძალადობენ.

"მრავალი თვითმხილველის ნაამბობი მიგვანიშნებს, რომ ფილტრაცია მოიცავს ინდივიდების ცემასა და წამებას რათა დაადგინონ, აქვთ თუ არა მათ თუნდაც მინიმალური კავშირი უკრაინის ხელისუფლებასთან" - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

აშშ-ის მისიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით უკრაინელები ჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაჰყავთ, სადაც ამ ე.წ ფილტრაციის ბანაკებში შემოწმებას გადიან, რიგ შემთხვევებში მათ ტელეფონსა და პასპორტს ართმევენ, შემდეგ კი რუსეთში გზავნიან.

კარპენტერის ინფორმაციით, რუსი სამხედროები უკრაინელებზე ძალადობენ, მათ შეურაცხყოფას აყენებენ, ფოტოებს უღებენ და მათ პირად ინფორმაციას სხვადასხვა ბაზაში ინახავენ.

"ისინი ვინც ამ პროცესს გადაურჩნენ აღწერენ რამდენიმე ადგილას იძულებით მოგზაურობას, გზად "ფილტრაციის პუნქტების" გავლით რუსეთის მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში და საბოლოოდ თავად რუსეთის საზღვარს კვეთენ.

გადარჩენილები ამ ცენტრებს აღწერენ ან როგორც სახელდახელოდ, სამხედრო კარვებით მოწყობილ ბანაკებს ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, როგორიცაა სკოლები ან სპორტული ცენტრები. კომერციული სატელიტურ ფოტოებში უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვადასხვა ლოკაციაზე ასეთი ბანაკები ჩანს.

რუსი სამხედროები მსხვერპლს სხვადასხვა კუთხიდან უღებენ ფოტოებს, იღებენ მათ თითის ანაბეჭდებს და ფიზიკურად ამოწმებენ აქვთ თუ არა ტატუები. ამოწმებენ მათ ტელეფონებს, იწერენ მათ კონტაქტებსა და მონაცემებს სხვა მოწყობილობებში და სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში ინიშნავენ მათ ბიოგრაფიულ ინფორმაციას...

ზოგ შემთხვევაში რუსმა სამხედროებმა [უკრაინელებს] პასპორტი, პირადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები და ტელეფონები ერთიანად ჩამოართვეს", - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

ეუთოში აშშ-ის წარმომედგენელი აცხადებს, რომ რუსეთში მოხვედრის შემდეგ ზოგიერთ უკრაინელს ნებას რთავენ რუსეთში მცხოვრებ საკუთარ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან დარჩნენ, თუმცა უფულოდ და დოკუმენტების გარეშე დარჩენილი უკრაინელების დიდ ნაწილს ასობით კილომეტრის მოშორებით არსებულ ქალაქებში მატარებლებით აგზავნიან და მუშაობას აიძულებენ.

ეუთოში აშშ-ის მისიის წარმომადგენელს ამ ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ფაქტები, რიცხვები და მასშტაბები სანდოა.


close დახურვა