უკრაინა აცხადებს, რომ გაეროს და წითელ ჯვარს უფლება უნდა მიეცეთ, გამოიძიონ 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვის მკვლელობის საკითხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
წითელმა ჯვარმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ცდილობს, მოიპოვოს საპყრობილემდე წვდომა და დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციასა და მკურნალობაში მონაწილეობა მიიღოს.
საქმე 29 ივლისს, ოკუპირებულ დონეცკში მომხდარს ეხება - ოლენივკას ციხეზე თავდასხმას, სულ მცირე, 53 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინა და რუსეთი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
გადაუმოწმებელი რუსული ვიდეოს მიხედვით, რომელიც თავდასხმის შემდეგ გავრცელდა, ჩანს დანგრეული საწოლები და დამწვარი სხეულები.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა მოხდა ოლენივკას ბანაკში, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.
]უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ეს ადგილი იყო რუსების მხრიდან უკრაინელი ტყვეების წამების და მკვლელობის ადგილი მტკიცებულებების განადგურების მიზნით.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს რუსების მიერ ჩადენილი "ომის მიზანმიმართული დანაშაული" უწოდა.
რუსეთი აცხადებს, რომ ბანაკს უკრაინული ზუსტი დამიზნების რაკეტები მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკის ციხეში უკრაინელ სამხედრო ტყვეებს შორის აზოვის ბატალიონის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომლებიც მარიუპოლში, აზოვსტალის ალყაშემორტყმულ ქარხანაში იბრძოდნენ.
