logo
ENG


გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ცივი ომის ცხელი ფაზა

31 ივლ 202220:22
3 წუთის საკითხავი
clock 319

ქართულმა ოცნებამ ყველა მუხრუჭს აუშვა ფეხი. შიშმა და ბრაზმა აშკარად გადაწონა ყოველგვარი რაციონალური მსჯელობა. სწორედ ამიტომ, ანტი-დასავლური რიტორიკა პიკს აღწევს, ხელისუფლების პროპაგანდისტები რუსული გზავნილების ღია, უსირცხვილო ტირაჟირებით არიან დაკავებული. ამერიკის ელჩის ლანძღვა უკვე ივანიშვილის მიმართ ერთგულების ფიცის ფორმას იღებს. ვართ ცივ ომში იმ ქვეყანასთან, რომელსაც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ჩვენი სუვერენიტეტისთვის ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული. 

რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი?! რატომ ახლა და რა შედეგის მიღწევის იმედი აქვს?! მთელი ამ შინაარსისგან და სინდისისგან დაცლილი რიტორიკის პასუხად, ვაშინგტონი ტონს ამკაცრებს, მაგრამ ყველაფერი ჯერჯერობით განცხადებების დონეზე რჩება. ამ განცხადებებში იკითხება გაოგნება და გაოცება. დღეს, როცა რუხი ფერის აღარაფერი დარჩა და მთელი მსოფლიო ბანაკებადაა განაწილებული, ვაშინგტონში უჭირთ იმის გააზრება და ალბათ აღიარებაც, რომ საქართველო, რეგიონის ვარსკვლავი, ამერიკის მთავარი მოკავშირე, რიტორიკულად რუსულ ბანაკშია და დასავლეთს ომის გაჩაღების დაძალებას აბრალებს. წლების განმავლობაში, ქართველი ხალხის მზაობას - ძალისხმევა გაგვეწია ამ ქვეყნის განვითარებისთვის, ვაშინგტონი პოლიტიკური დახმარებით, კონკრეტული, ხელშესახები მილიარდობით დოლარის გამოგზავნით პასუხობდა. არ უნდა დავივიწყოთ რომ თუ ამერიკულ დახმარებას ქვეყნების მოსახლეობაზე გადავითვლით, საქართველო ისრაელის შემდეგ ყველაზე ბევრი ფულის მიმღები გამოდის. და ეს ქვეყანა დღეს რუსეთის თამაშის ნაწილია და ვაშინგტონის წინააღმდეგ ცივი ომი აქვს გაჩაღებული. ამ ყველაფერს კი სათავეში თავად ვაშინგტონის მიერ წახალისებული და ნაქები, რეგიონში ძალაუფლების არჩევნებით გადაცემის პირველი პრეცედენტის შედეგად მოსული ბიძინა ივანიშვილი უდგას.

ამერიკელებზე 1 ნაბიჯით წინაა ევროკავშირი: ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც ცოტა უფრო ადრე იგემეს ოცნების ლანძღვა-გინება და პიროვნული თავდასხმები, უკვე გაიარეს გაოგნების ფაზა, რაც პირდაპირ აისახა როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში, რომლის შესრულებაც მართლაც ნიშნავს საქართველოს დებძინიზაციას და არის კიდეც ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ლიანდაგზე დასაბრუნებელი გეგმა. ამ გეგმას კი დიდი ალბათობით, გაოგნების ფაზის გავლისა და არასახარბიელო ქართული რეალობის მიღების შემდეგ, ვაშინგტონიც საქმიანად მიუერთდება, რაც ივანიშვილისთვის ძალაუფლების დაკარგვის პერსპექტივას გარდაუვალობად აქცევს.

და მაინც, რატომ მიდის ივანიშვილი გამწვავებაზე სწორედ ახლა?! ვაშინგტონის პოლიტიკის ფორმირება შედარებით ნელა, თუმცა ფუნდამენტურად ხდება. შტატების მთავარ გამოწვევას დღეს ჩინეთთან ერთად, უკიდურესად გათავხედებული რუსეთის პრეზიდენტი წარმოადგენს. ამოცანა კი მისი ისე დასუსტება და იმ მდგომარეობამდე მიყვანაა, რომ მოსკოვმა ცივილიზებულ სამყაროს პრობლემები ვეღარასდროს შეუქმნას. მსოფლიო პოლიტიკის საბრძოლო თეატრი დღეს უკრაინაა. გმირი უკრაინელი ხალხის დაპირისპირება რაშიზმთან გადამწყვეტ ფაზაში შედის. არ არის გასაკვირი, რომ დასავლეთი ყველა რესურსის მობილიზებას სწორედ ამ მიმართულებით ცდილობს. მას არათუ კატეგორიულად არ აწყობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა, არამედ სერიოზულ სიფრთხილეს იჩენს, იმისთვის, რომ იმავე დასავლეთისთვის ასე აუცილებელი რუსეთის ალტერნატიული ენერგოდერეფანი უსაფრთხოდ და სტაბილურად ფუნქციონირებდეს. ამ მომენტის შეგრძნებით ცდილობს ივანიშვილი ვაშინგტონთან ვაჭრობაში ფსონის აწევას და გადაწყვეტილებების დაჩქარებას, იმის იმედად, რომ ცივილიზებული სამყარო საქართველოში ჩამოყალიბებულ სტატუს კვოს, ანუ მილიარდერის ავტორიტარულ მმართველობას შეეგუება და მას ხელშეუხებლობის გარანტიებს მისცემს. ამას ემატება ისიც, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ივანიშვილის შემცვლელი ალტერნატივა არც ფორმით და არც შინაარსით გამოკვეთილი არ არის.

ქართულ ოპოზიციურ ფლანგზე ქაოსია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პროდასავლურია, რასაც კვლევებიც და საპროტესტო აქციების მასშტაბიც ადასტურებს, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ძალაუფლების შტოებს მთლიანად აკონტროლებს, ხოლო ოპოზიციური პარტიებში ლიდერობის და ინიციატივების აშკარა ნაკლებობა და ფინანსების და საზოგადოებისთვის იდეოლოგიური თუ პრაქტიკული ალტერნატივის შეთავაზების პრობლემებია, მოსახლეობის უმრავლესობის ნების აღსრულება, ანუ დომინანტური განწყობების პოლიტიკურ შედეგში გადათარგმნა ვერ ხერხდება. ასეთ ვითარებაში, გასაკვირი არ არის, რომ პოლიტიკურ პროცესში ლიდერის როლს უკვე მედია და არასამთავრობო სექტორი ასრულებს, რაც არა მარტო არასწორია - კონტრპროდუქტიულიცაა და სერიოზულად აზიანებს როგორც პროცესს, ისე თავად ამ ორგანიზაციებს, რითაც ჯერჯერობით მხოლოდ ოცნება და მილიარდერი ხეირობს.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ივანიშვილი გრძნობს, რომ წამმზომი ჩართული აქვს და ძველებურად ვერაფერი გაგრძელდება. ქართველმა ხალხმა მას 2012 წელს დადებული კონტრაქტი გაუუქმა. ახლა კი ვხედავთ, რომ იმავეს აკეთებს დასავლეთიც. ამიტომ აქტიურობს და ჩქარობს დღეს მილიარდერი და ამიტომაა გადასული რადიკალურ ნაბიჯებზე. სანამ დასავლეთი უკრაინის პრობლემითაა დაკავებული, ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციის ცვლილების შანტაჟით აიძულოს და დაითანხმოს ის ახალ კონტრაქტზე. რადგან ზუსტად იცის, რომ შიდა და გარე ლეგიტიმაციის სრულად დაკარგვის შემთხვევაში მას ძალაუფლების დათმობა მოუწევს. ვაშინგტონი კი ადრე თუ გვიან მართლა დაიწყებს მოქმედებას. თუმცა, არა ისე, როგორც ივანიშვილის კონსპიროლოგიურ წარმოდგენაშია, ანუ შვეიცარიული ბანკის გავლით, ვითომდაც მისი შანტაჟით, არამედ პირდაპირ და ხისტად, როგორც ამერიკელებს სჩვევიათ და რაც არაერთხელ გვინახავს სამხრეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის თუ სამხრეთ აზიის დიქტატორებთან მიმართებაში. ივანიშვილი მისმა უცოდინარობამ და შეთქმულების თეორიების სიყვარულმა მიიყვანა ფალსტარტამდე, ანუ არასწორად, ნაადრევ სტარტამდე, როცა უფრო ადრე ჩათვალა რომ სანქციები შეეხო, ვიდრე ეს მოხდებოდა. ამით კი უცბად და უდროოდ გაშიშვლდა. სისულელეა რომ აშშ-ს ჩვენი ომში ჩართვა უნდა. უბრალოდ ტყუილია რომ ვაშინგტონი გადარიცხვების დონეზე აკონტროლებს შვეიცარიულ საბანკო სისტემას. სიბრიყვეა რომ შვეიცარიულ მედიას ასევე ერთი მაკონტროლებელი ჰყავს, ვინც ივანიშვილის სიმართლეს გასაქანს არ აძლევს. ივანიშვილმა უკვე ყველაფერი გააკეთა ისე, თითქოს ვაშინგტონი მას უკვე ებრძვის. ეს ამბავი კი ჯერ კიდევ წინაა...


close დახურვა