logo
ENG


გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დიდი რუსობა

03 აგვ 202222:11
3 წუთის საკითხავი
clock 837
2022/08/03/qmr9emsw5nlwqx2.jpg

როცა ქართული სტუმარმასპინძლობის სერვისის რუსულისადმი ადაპტირების და ოკუპანტისთვის სასათბურე პირობების შექმნის ტემპებზე ვფიქრობდი, გამახსენდა წლების წინ, ჯერ კიდევ ოცნების გარიჟრაჟზე, სასტუმრო რედისონის წარწერის გამო ატეხილი აჟიოტაჟი ქართულ ენაზე საერთაშორისო ბრენდის გამოსახვის მოთხოვნით.

დღეს ლამის მთლიანად რუსულად "გადაიბრენდა" ქართული შავიზღვისპირეთი, ხოლო საქართველოს მთავრობა, იმავე შემადგენლობით, ქართული ენისა თუ ზოგადად იდენტობის დამცველად მომუშავე უცნაური წარმოშობის საზოგადოებრივი ჯგუფები, ქართველ მეცნიერთა, თუ მორწმუნეთა კოჰორტა მშვიდად ეგუება "დიდი რუსობის" მიერ მოტანილ შედეგებს. არათუ ეგუება - ივანიშვილის მმართველობის მთავარ მიღწევად მიიჩნევს და ურცხვად, დაჟინებული აგრესიულობით გადარჩენის ერთადერთ სწორ გზად გვასაღებს.

240 ათასი რუსეთის მოქალაქე. 6400 რეგისტრირებული რუსული კომპანია, მხოლოდ იანვარ-ივნისში.

მორღვეული უსაფრთხობა, ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა, გზა პოლიტიკური კაპიტულაციისკენ.

პანდემიაგამოვლილ, დამშეულ, ხელისუფლებისგან დაშინებულ და მხოლოდ ცუდის მომლოდინე ქართველს თითქოს სხვა არჩევანიც არ რჩება: პუტინი და მედვედევი საქართველოს ახალ ისტორიას ადგენენ, რომელშიც საქართველო საერთოდ არაა - თვალი დავხუჭოთ, ცეცხლს ხომ არ უნდა ვეთამაშოთ; რუსეთის პატრიარქი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურას "აკორექტირებს“ - ხმა არ უნდა ამოვიღოთ: დასავლური კათოლიციზმი, პროტესტანტობა, მაჰმადიანობა და საერთოდ ლიბერალური ათეიზმი ხომ უფრო დიდი მტერია; რუსული ოლიგარქიული ფული და შესაბამისად გავლენა ქართულ ეკონომიკაში სრულად დომინანტი ხდება. მერე რა, მათ უმეტესობას ხომ ქართული გვარები აქვთ. მთავარია ანგლოსაქსური ეკონომიკური და შესაბამისად სულიერი ექსპანსია ავიცილოთ თავიდან.

მსოფლიო ისტორიის ბორბალი კი ტრიალებს და თავისუფალი სამყაროს ხომალდზე მყოფი ქვეყნებისა და ერებისათვის მეტ სიჩქარეს კრებს და უფრო უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე ნავსაყუდელისკენ მიემართება.

ტერორიზმის სიმბოლოდ ქცეულ ალ კაიდას ლიდერს, ალ ზავაჰირს წერტილოვანი დარტყმით ბინ ლადენის გზას უყოლებენ, დასავლური სამხედრო ძალის უპირატესობის დემონსტრირებად უკრაინის საომარ თეატრში რამდენიმე ჰაიმარსის მიერ შეცვლილი სტრატეგიული ბალანსიც საკმარისი ხდება, ჩინეთის ტაივანისკენ მიმართული მუქარა, ამერიკელების "ცეცხლთან თამაშის“ გაფრთხილებით, საბოლოოდ, ელჩის გამოძახებით და საჩვენებელი წვრთნებით მთავრდება.

მოკლედ, ტრამპის საპრეზიდენტო ლოზუნგი Make America great again საერთაშორისო ასპარეზზე ბაიდენის მიღწევა ხდება.

ჩვენც "საზეიმოდ“ გვაქვს საქმე. როგორც ოცნებისგან ნაყროვანი სტაჟიანი აპოლოგეტები გვეუბნებიან - როგორც იქნა, საბოლოოდ, სახელმწიფოდ შევდექით: თამამად და ღიად ვლანძღავთ დასავლეთს და მას ყველაზე მძიმე ცოდვებში ვადანაშაულებთ.

აქვე დემოკრატიის ნატეხებისგან შემორჩენილ არასამთავრობო სექტორს მალე რუსეთიდან გადმოკოპირებულ კანონს მივუსადაგებთ, საერთაშორისო ფონდებიდან ფინანსების მიღებას შევუზღუდავთ. რა საჭიროა, ივანიშვილი ხომ შეგვპირდა ერთხელ, რომ სამოქალაქო სექტორს გააძლიერებდა, განაახლებს მუშაობას ორგანიზაცია "მოქალაქე" და არასამთავრობოს ვაკუუმიც შეივსება.

ამას მალე მოყვება უცხოური აგენტის სტატუსი ჯერ კიდევ შემორჩენილი და გადარჩენისთვის მებრძოლი მედიებისთვის და ყველაფერი საოცნებო წესსა და რიგს, კიდევ უფრო კი რუსული სუვერენული დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს დაექვემდებარება.

"დიდი რუსობა" საქართველოში ძალას იკრებს, მთავარია "ბიძინას სახელმწიფო" ვართ და მოყვარესთან მტრულად, ხოლო მტერთან მოყვრულად მოქცევაში კონკურენტი დედამიწის ზურგზე კვლავ არავინ გვყავს.


close დახურვა