logo
ENG



იზიუმში ოჯახის 6 წევრის ცხედარი იპოვეს, მათ შორის არიან 6 და 8 წლის ბავშვები - გერაშენკო

17 სექ 202217:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/17/tj1k9ghngzmbe42.jpg
ASTRA

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, იზიუმში მასობრივ სასაფლაოზე 1 ოჯახის 6 წევრის ცხედრები იპოვეს. მათ შორის 6 და 8 წლის ბავშვები არიან.

გერაშენკოს ცნობით, ოკუპანტების ტანკმა მათ სახლს 10-15 ჭურვი "გართობის მიზნით" ესროლა.

მათი ცხედრები იზიუმთან ახლოს, ტყეში იპოვეს, სადაც მასობრივი სასაფლაოა, 440 ადამიანის ცხედრით.

„სტოლპაკოვების ოჯახი: ელენა, მისი ქმარი დიმიტრი, 6 წლის ოლესია, 8 წლის საშა, ასევე გოგონების ბებია და ბაბუა - ტატიანა და ალექსანდრ.

ყველას გარდაცვალების თარიღი იგივეა - 9 მარტი. ამ დღეს რაშისტების ტანკმა 10-დან 15-მდე ჭურვი ესროლა მათ სახლს პირველი მაისის ქუჩის 2 ნომერში.

პუტინის ნაბი*ვრებმა საცხოვრებელ სახლს გართობის მიზნით ესროლეს. შესაძლებელია, ოდესმე ვაპატიოთ ამ არაადამიანებს?“ - აცხადებს გერაშენკო.

15 სექტემბერს ხარკივის რეგიონის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგეი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სასაფლაო იპოვეს, სადაც 440 ადამიანია დაკრძალული. 

ზოგ სამარხზე ხის ჯვარია აღმართული, რომელზეც რიცხვებია დატანილი. ზოგიერთ მათგანზე დაღუპულის ვინაობა და სავარაუდოდ, დაღუპვის თარიღიცაა აღნიშნული. საფლავების ნაწილთან ყვავილები აწყვია.

ბოლვინოვის ცნობით, დაღუპულები ცალ-ცალკე არიან დაკრძალულნი. მისი თქმით, ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი საარტილერიო ცეცხლსა და საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლა.

ხარკივის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცხედრების დიდი ნაწილი იდენტიფიცირებული არაა, ამიტომ ყველა ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება, რითაც სიკვდილის მიზეზი დადგინდება. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ იზიუმის მასობრივ სამარხში აღმოჩენილ ცხედრებს წამების კვალი ეტყობათ. მისივე თქმით, სამარხში აღმოაჩინეს ბავშვების ცხედრებიც.

 

close დახურვა