logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: საქართველო ოფსაიდში...(რუსეთთან ერთად?!)

09 ოქტ 202220:06
3 წუთის საკითხავი
clock 1116

ცეცხლში გახვეული და ჩამონგრეული ყირიმის ხიდით მიულოცეს უკრაინელებმა რუსეთის პრეზიდენტს 70 წლის იუბილე. ამ აქტით და რამდენიმე დღის წინ მიღებული დადგენილებით ზელენსკიმ პუტინთან მოლაპარაკების სივრცე საბოლოდ ჩაკეტა. "უფლება არ გვაქვს, ეს ომი ჩვენს შვილებს გადავაბაროთ, მტერი აქ და ახლავე უნდა განადგურდეს!", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გენერალმა ზალუჟნიმ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს უკრაინას მოჩვენებითი, დროებით მშვიდობა კი არ უნდა, არამედ ბრძოლა სწყურია იმისთვის, რომ გამარჯვებით, ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობა მოიპოვოს. და ეს გარდაუვალია, რადგან რეალურად დღეს უკვე აღარ არსებობს მსოფლიოში ლიდერი, ან ძალა, რომელიც ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგება ან შეაცვლევინებს.

"ევროპაში უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა რუსეთის გარეშე უნდა აშენდეს" - ეს უკვე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის სიტყვებია, რომელმაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, პრაღაში, კონტინენტის 44-ი ქვეყნის პირველ პირს მიმართა. ამ პოლიტიკის ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს ის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაც, რომელიც სამიტის ფარგლებში, ოთხმხრივ შეხვედრაზე მიიღეს და რომელსაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და საფრანგეთის პირველი პირების გარდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ესწრებოდა: სომხეთში განთავსდება დროებითი ევროპული სამშვიდობო მისია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ კავკასიაში მშვიდობის გარანტი არა რუსეთი, არამედ ევროკავშირი, შეერთებული შტატები და თურქეთი იქნებიან. მეტიც, აზერბაიჯანის პრეზიდენტი კავკასიის სამეულის, საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის ფორმატის შექმნაზე და უსაფრთხოების, ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და სხვა საერთო ინტერესების გარშემო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. ჩნდება კავკასიაში მშვიდობის და თანამშრომლობის რეალური შანსი, რაც ბალტიისპირეთის სამეულის ტიპის ერთობად შეიძლება იქცეს და რაც 3+3 ფორმატიდან ერთი სამიანის ამოვარდნას ნიშნავს. პრაღის სამიტზევე, უკრაინის დელეგაციამ შეიარაღებისა და ფინანსური დახმარების ახალი, უპრეცედენტოდ მასშტაბური პაკეტი მოიპოვა; მოლდოვას პრეზიდენტმა ის მოახერხა, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი გაისად უკვე კიშინიოვში ჩატარდება. ჩვენ კი, როგორც ამ ბოლო დროს მივეჩვიეთ - არაფერი, ანუ ცარიელ-ტარიელი გამოგვისტუმრეს. ნუ სამიტზე გადაღებულ ფოტოგალერეაში ღარიბაშვილის საფირმო პოზის მოხვედრას თუ არ ჩავთვლით... ფაქტია, რომ რუსეთს ნელ-ნელა აძევებენ პრაქტიკულად ყველა ფორმატიდან, უკრაინიდან, ევროპის უსაფრთხოებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც კი, აი საქართველოდან - პირიქით: ოკუპანტი სახელმწიფოს ასობით ათას მოქალაქეს ფართოდ ვუღებთ კარს და რუსეთის უკვე დანგრეული და თვითგადარჩენის ფაზაში გადასული ეკონომიკის დანამატად ვყალიბდებით. თბილისში მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პირდაპირ გვითხრა, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტი-დასავლური რიტორიკა და ელჩზე თავდასხმები "რუსული დეზინფორმაციის ფართო სქემის ნაწილია", რასაც დიდი ალბათობით ივანიშვილისთვის უკანასკნელი გაფრთხილება და ვაშინგტონიდან გამოგზავნილი წითელი ბარათი მოჰყვება. რეალურად ასეთივე წითელ ბარათს ველით რამდენიმე თვეში უკვე ბრიუსელიდანაც, რომელიც ჩვენგან ამაოდ ელის ყბადაღებული 12 პუნქტის შესრულებას, და არც ანტი-ევროპული რიტორიკა იკლებს დიდად ივანიშვილის მიერ ორკესტრირებული ჯგუფების მხრიდან.

თუმცა მთავარი მაინც ის არის, როდის ვუჩვენებთ ივანიშვილს წითელ ბარათს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქართული ოცნების მხდალი და მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად ყველაზე მეტს, მომავალს ვკარგავთ. ქერჩის სრუტეში მოწყობილი ფეიერვერკი მხოლოდ ერთი კაცის დაბადების დღის "საჩუქარი" არაა - გზავნილია ყველა იმ ქართველისთვის, ვინც სხვა შემთხვევაში ტირანის ტორტის გარშემო დავლურს კი არადა ზილინას იცეკვებდა. ჩანგრეული და ბურჯ-მორყეული ხიდები პუტინის ისტორიული მემკვიდრეობის განადგურების სურათხატია. მისი პირადი ძალაუფლების საყრდენებზე დარტყმა, რომელიც პოლიტიკურად ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც დღეს ყირიმის მხრჩოლავი "სიცოცხლის ხიდი". უკრაინელები პროცესს აჩქარებენ - საბედისწერო შეცდომების სპირალში შესული დიქტატორი, ან კიდევ უფრო საშიშ და თვითდამაზიანებელ ნაბიჯს გადადგამს, ან "ქალაში ფესვგადგმული გვირგვინი" თავიანად ტრადიციულად რუსულ ტალახში გაგორდება. საქართველო ისტორიული პროცესის ოფსაიდშია.. რუსეთთან ერთად?!


close დახურვა