logo
ENG



CNN: ირანი ემზადება, რუსეთს 1 000-მდე შეიარაღება, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები გადასცეს

01 ნოე 202217:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/01/eiyad4kans09ft8.jpg

CNN-ის ცნობით, ირანი რუსეთისთვის დაახლოებით 1 000 დამატებითი შეიარაღების, მათ შორის მცირე დისტანციის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გასაგზავნად ემზადება.

გამოცემა ინფორმაციას დასავლური ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც CNN-ის ცნობით, ირანის შეიარაღების პროგრამას ყურადღებით აკონტროლებენ.

CNN-ის წყარო ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი რუსეთს გაუმჯობესებული სიზუსტის მართვად რაკეტებს მიაწვდის, რადგან წინა გადაზიდვის დროს ირანმა რუსეთს დაახლოებით 450 დრონი გაუგზავნა, რომელიც უკრაინაში უკვე გამოიყენეს.

გამოცემა წერს, რომ ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების ახალი შესაძლო გადაზიდვა რუსეთის ომის მიმართ ირანის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ზრდას ნიშნავს.

***

14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე ათეული ირანული დრონის განადგურებას იუწყებოდა.

თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".

10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ირანელი სამხედრო მწვრთნელები ყირიმში იმყოფებოდნენ და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იმ ირანული წარმოების დრონების მართვაში ეხმარებოდნენ, რითაც რუსეთი უკრაინას ესხმის თავს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აპირებს მიმართოს ყველა გზას, მათ შორის სანქციებს, რათა „გაამჟღავნოს, ხელი შეუშალოს და დაუპირისპირდეს“ ირანის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას და ასევე უკრაინას დაეხმაროს საჰაერო თავდაცვის კუთხით.

რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების გადაცემის გამო, 20 ოქტომბერს ირანს სანქციები ევროკავშირმა დაუწესა. სანქციები ირანის წინააღმდეგ რეკორდულ ვადებში დაწესდა. EU-ის გარდა, ირანს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.

ასევე სანქციები დაუწესდა საავიაციო ინდუსტრია Shahed-ს, რომელიც იმ დრონებს აწარმოებს, რასაც რუსეთი უკრაინაში თავდასხმებისთვის გამოიყენებდა. ბრიტანეთმა ქვეყანაში Shahed-ის აქტივები გაყინა.


close დახურვა