logo
ENG



ხაბეიშვილი სენატის განცხადებებზე: კატასტროფაა, რუსი ოლიგარქი გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს

17 ნოე 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock 612
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ აშშ-ის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები "სრული კატასტროფა".

ხაბეიშვილის თქმით, "რუსი ოლიგარქი ქართველ საზოგადოებას ცივილიზებული სამყაროსგან აშორებს და უახლოვდება პუტინსა და რუსეთს".

"მოვისმინე აშშ-ის სენატიდან გაკეთებული განცხადება. სრული კატასტროფა, ქართველი ხალხი, საზოგადოება ხედავს, რომ ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებს რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური რეჟიმი. დაშორდნენ ამერიკას, ევროპას და უახლოვდებიან კი არადა, ჩაეხუტნენ ევტუშენკოვს, პუტინს და რუსეთს. ეს არის მოცემულობა და ყველამ კარგად იცის, ამ ქვეყანაში როგორ იქცევა ქართული ოცნების ხელისუფლება და როგორ გადაიქცა ქართული ოცნება რუსულ ოცნებად. არანაირი 12 პუნქტის შესრულება არ იქნება, იმიტომ რომ კრემლიდან აქვს ბიძინა ივანიშვილს დავალება, რომ არანაირი ევროპა და შესაბამისად, ივანიშვილისგან დავალება აქვს შემდეგ უკვე პარტია ოცნებას, რომლებიც ამას ასრულებენ. ილუზიაა ის, რომ ამათ რამის შესრულება უნდათ", - ამბობს ხაბეიშვილი ფორმულას ეთერში.

ხაბეიშვილი ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დღეს აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს დახმარების სისტემაზე შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით თქვა, რომ "მისთვის საინტერესო არაა, რადგან დაფინანსების ნაწილი მიდის NGO-ებზე". ხაბეიშვილის თქმით, კობახიძის განცხადება იყო "ცინიზმის მწვერვალი".

"ცინიზმის მწვერვალი იყო დღეს კობახიძის განცხადება, სენატში გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ აღარ დავეხმარებითო საქართველოს და "ეგენიო NGO-ებს აფინანსებენო". მართლა როგორი ცუდი ადამიანი, როგორი რუსი უნდა იყო, რომ ეს განცხადება გააკეთო. ამერიკელებს მილიარდები აქვთ დახარჯული საქართველოს ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, თავდაცვაში და ამ დროს ამბობენ, რომ თურმე NGO-ები იღებენ თურმე ამ თანხას, რა სიგიჟეა. ეს არის ყველაფერი რუსული", - თქვა ხაბეიშვილმა. 

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორებმა თქვეს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს.

ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული დახმარების სისტემა ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს რეფორმებს, პარტნიორების მხრიდან მიიღებს დახმარებას.

სენატში შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიის უკუსვლა. მათი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ნამდვილად არ არის საინტერესო" აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს დახმარების სისტემაზე შესაძლო ცვლილებები, რადგან მისი თქმით, "ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე".


close დახურვა