logo
ENG



ლომჯარია ზურაბიშვილსა და "ოცნებას" ურჩევს, მოინახულონ სააკაშვილი

07 დეკ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock 817
ლომჯარია ზურაბიშვილსა და "ოცნებას" ურჩევს, მოინახულონ სააკაშვილი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრეზიდენტსა და მმართველი პარტიის წევრებს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ და თავად დარწმუნდნენ სიტუაციის სერიოზულობაში. ამის შესახებ მან გიორგი თარგამაძის ფორმულაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, მათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე არ სჯერათ.

"ნამდვილად ვურჩევ ქალბატონ სალომეს, მას აქვს როგორც პრეზიდენტს, ამის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ მოინახულოს პატიმარი, ყოფილი პრეზიდენტი. მე ვფიქრობ, რომ ვინც გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს ამ საკითხთან დაკავშირებით და კითხვები აქვს, განსაკუთრებით, პოლიტიკოსებს, თუნდაც მმართველი პარტიიდან, მათ ვურჩევდი, მოინახულოს პრეზიდენტი.

ასევე, ქალბატონ სალომესაც ვურჩევდი ნამდვილად, რომ შევიდეს და თავისი თვალით ნახოს იქ არსებული მდგომარეობა. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, მაინც ვფიქრობ, რომ არ სჯერათ, რომ ეს არის რეალობა და სიმართლე გითხრათ, აღარც ვიცი, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოება დავარწმუნოთ სიტუაციის სერიოზულობაში", - განაცხადა ლომჯარიამ.

მან, ასევე, ისაუბრა, რომ მესამე პრეზიდენტის წონის კლება ბოლო 7 თვის განმავლობაში პირველ 7 თვესთან შედარებით, სამჯერ არის აჩქარებული. ომბუდსმენის თქმით, განსხვავებით პირველი თვეებისგან, ექსპრეზიდენტი არაკონტაქტურია და კომუნიკაცია უჭირს. ლომჯარია ექსპრეზიდენტის მკურნალ ექიმზე დაყრდნობით ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესება მას შემდეგ დაიწყო, რაც მის საკანში პროკურორი და მოსამართლე შევიდნენ.

9 დეკემბერს 13:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. პარალელურად, ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა.

6 დეკემბერს, ვივამედის მთავარმა ექიმმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ "პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში". დღეს სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა აღნიშნა, რომ "სააკაშვილი საკვებს მცირე უფლებებით იღებს და ირგებს". როგორც ექიმმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, არც ერთ სამედიცინო დოკუმენტში არ წერია, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკვებს გამიზნულად არ იღებს.

 


close დახურვა