logo
ENG



ქუთაისში ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა

15 იან 202313:42
3 წუთის საკითხავი
 
კადრი: მთავარი არხი

ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა.

ამის შესახებ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კილაძის თქმით, შტაბს გაგა მანაგაძე უხელმძღვანელებს.

"დღეს ქუთაისის ორგანიზაციის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და ვუსურვოთ წარმატებები არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის თითოეული წევრისთვის დღეს პირველი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და 2023 წელს ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულია საქართველოში. ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს ქუთაისში უხელმძღვანელებს, გაგა მანაგაძე, ხოლო საორგანიზაციო მდივანი აღნიშნული შტაბის იქნება პაატა ღაჭავა" - თქვა გიორგი კილაძემ.

ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა ბათუმშიც. ამის შესახებ განცხადება გიორგი კირთაძემ 14 იანვარს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ შტაბს მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია და 26 იანვრამდე გაგრძელდება. არჩევნებში ხმის მიცემა 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და 30 იანვარს დასრულდება.

პარტიის თავმდჯომარეობის არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობს: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე. 

9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".

საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. 12 დეკემბერს საკუთარი კანდიდატურა დააყენა ნონა მამულაშვილმაც.

 

close დახურვა