logo
ENG



კირთაძე ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღარ იქნება, თუმცა პარტიაში რჩება

30 იან 202311:58
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კირთაძე ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღარ იქნება, თუმცა პარტიაში რჩება. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა და ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა.

"მე, რა თქმა უნდა, ვტოვებ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს, ამის სურვილი ვიღაცებს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ. მე წინასარ მქონდა გაცხადებული, რომ თუ ნიკა მელია ვერ გაიმარჯვებდა, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს დავტოვებდი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ან რომელიმე ჩვენი წევრი ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვრჩებით ნაციონალურ მოძრაობაში", - განაცხადა კირთაძემ.

ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, კირთაძე პარტიის გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებდა. ამ პოსტზე მელიამ ის 24 იანვარს წარადგინა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი - 3,73%, ნიკა მელია - 40%, გიორგი მუმლაძე - 3.68%, ლევან ხაბეიშვილი - 52,58%.

9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".

საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. 12 დეკემბერს საკუთარი კანდიდატურა დააყენა ნონა მამულაშვილმაც.


close დახურვა