logo
ENG



მელია ხაბეიშვილს: ვუსურვებ, პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით

30 იან 202312:20
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილს პარტიის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ის პარტიაში ბრძოლას აგრძელებს.

"ბუნებრივია, მე მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ვინმეს ან გამარჯვებული უწოდო ან დამარცხებული, გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ჩვენი სახელმწიფო, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ და სწორედ ამ ფაქტორებს ვგულისხმობ და ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი დამეთანხმება, რომ ვინმეს ან გამარჯვებული ან დამარცხებული ვუწოდოთ. მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ.

თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, არჩევნები შედგა, არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული. მე მას ვულოცავ, რა თქმა უნდა, ამ შედეგს, ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს. ვუსურვებ მას ძალიან მნიშვნელოვანს ჩემთვის, რასთან დაკავშირებითაც მე და ათასობით ადამიანი თვეების განმავლობაში საჯაროდ ვსაუბრობდით. ვუსურვებ, პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით. მე მინდა ვიმედოვნო, რომ ის ამას მოახერხებს", - განაცხადა მელიამ.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი - 3,73%, ნიკა მელია - 40%, გიორგი მუმლაძე - 3.68%, ლევან ხაბეიშვილი - 52,58%.

9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".

საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. 12 დეკემბერს საკუთარი კანდიდატურა დააყენა ნონა მამულაშვილმაც.


close დახურვა