logo
ENG



"ყური ავუწიო და გავუშვა?" - მოსამართლემ ბრეგაძის დაკითხვაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

03 თებ 202313:09
3 წუთის საკითხავი
clock 1098
2023/02/03/duato0yo9kdrks6.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, რატი ბრეგაძის დაბარების მიზეზი მისი საჯარო განცხადებებია, რომლებიც მისივე თქმით, "ხელს უშლის ან პირდაპირ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში".

"იუსტიციის მინისტრი ანგარიშს არ უწევს და პატივს არ სცემს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, რადგან ბოლო 1 კვირის განმავლობაში აკეთებს ისეთი პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს, რომლებიც ხელს უშლის ან პირდაპირ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში...იუსტიციის მინისტრი მოწვეული უნდა იქნეს სასამართლო სხდომაზე და მისცეს ჩვენება იმის თაობაზე, თუ რა მტკიცებულებებს ეყრდნობა, როცა აცხადებს, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და ამ გზით უნდა სიცოცხლის დასრულება. მანვე უნდა განუმარტოს სასამართლოს, არის თუ არა მსჯავრდებულის უფლება თვითმკვლელობა და თუ ეს გარემოება ცნობილია იუსტიციის სამინისტრო სისტემისა და კლინიკა ვივამედის სამედიცინო პერსონალისათვის, მაშინ ხომ არ აქვს ადგილი თვითმკვლელობის ხელშეწყობას, ან სახეზე ხომ არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა? რადგან ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსჯავრდებულის სისტემატური დაცინვა, შეურაცხყოფა და ღირსებათა დამცირება იმ თავითვე წარმოადგენს დასახლებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს. მისი სასამართლოზე მოწმეს სახით დაკითხვის მეშვეობით, უნდა გაარკვიოს სასამართლოს, თუ რა მტკიცებულებებს ეყრდნობა იუსტიციის მინისტრი, როდესაც ადვოკატებს ასეთ დანაშაულში მონაწილეობას აბრალებს", - თქვა ხაჭაპურიძემ პროცესზე.

მოსამართლე გიორგი არევაძის თქმით, "პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, არ შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევაში, იყოს მოწმე".

"მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც გარკვეულ განცხადებებს აკეთებს პრესასთან, არ შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში იყოს მოწმე... თქვენ გინდათ, რომ მე აქ მოვიყვანო იუსტიციის მინისტრი, თითი ვუქნიო, ყური ავუწიო და გავუშვა? რას მთხოვთ?", - თქვა მოსამართლემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი პროცესს არც ფიზიკურად ესრება და ვერც დისტანციურად ჩაერთვება.

როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომაზე განაცხადა, კლინიკა ვივამედმა მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირებაზე რეკომენდაცია არ გასცა, დისტანციურ ჩართვაზე კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად სააკაშვილმა თქვა უარი.

***

ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაეწყო სწრაფი კახექსიის პროცესი. მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი ჩამოშლილია და ის 68 კილოგრამს იწონის. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ დაკარგა გონება. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივა მედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ.

სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები, ექიმები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს. ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, "შესაძლოა, იმაზე უარესი ქრონიკული აგენტებით იყოს ინტოქსიკაცია, ვიდრე მძიმე მეტალებია".

სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.


close დახურვა