logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ივანიშვილის "ვლასტის" ბუშტი

05 მარ 202320:07
3 წუთის საკითხავი
clock 691

რუსული კანონის ინიციირების გამო შემდგარმა ფაქტობრივად საყოველთაო კონსენსუსმა კიდევ უფრო მწვავედ დასვა კითხვა: რაღაზე დგას დღეს ივანიშვილის "ვლასტი"?!

კვირიკაშვილი, გახარია, უსუფაშვილი, ჯანელიძე, თედო ჯაფარიძე, ზურაბ ქარუმიძე -  ეს არის არასრული ჩამონათვალი ოცნების ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნებისა, ვისაც ასე თუ ისე ჭკუა მოეკითხებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და დასავლური ინტეგრაციის საკითხებში. დღეს თითოეული მათგანი, მართალია სხვადასხვა ფორმით, თუმცა ღიად და პირდაპირ აცხადებს, რომ უცხოელი აგენტების საკანონმდებლო აქტი სულისკვეთებით რუსული კანონია და პირველ რიგში მოსკოვის ინტერესებს ემსახურება. მეტიც, ვახტანგ ხმალაძე, ოცნების პირველი პლეადის მთავარი კონსტიტუციონალისტი, ასაბუთებს, რომ ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება; რომ აღარაფერი ვთქვათ სალომე ზურაბიშვილზე, ბიძინას რჩეულ და ძალად არჩეულ პრეზიდენტზე, რომელმაც ანტიკონსტიტუციურად მონათლა არა მარტო საკანონმდებლო ინიციატივა, არამედ ავტორებიც და მათი პარტიების  ანტიკონსტიტუციურად ცნობის და აკრძალვის მოთხოვნით პოლიტიკური განაცხადი გამოაქვეყნა.

ამ ინიციატივის პერსპექტივაზე დღეს საუბარი შესაძლოა ვინმეს ნაადრევად ეჩვენებოდეს, თუმცა როდესაც სახელმწიფოს პირველი პირი აცხადებს, რომ ქვეყანას ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტია თუ ჯგუფი მართავს, შეუძლებელია საერთაშორისო ასპარეზზე ეს განაცხადი ყურადღების მიღმა დარჩეს. ასევე ისიც ყველასთვის ნათელია, რომ პრეზიდენტის ეს შეფასება არა ხალხის ძალას, არამედ ამ კანონპროექტის ნამდვილ შემოქმედს - ქართულ ოცნებას ეხება პირდაპირი მინიშნებით, რომ ის დანაშაულებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებას ჩადის.

ცივილიზებულ დასავლეთში აღარ დარჩა სახელმწიფო, მთავრობა თუ ინსტიტუტი, რომელიც ოცნების ხელისუფლებას უმკაცრესად არ აკრიტიკებს და მის ევრო-ატლანტიკურ ორიენტაციას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. მეორეს მხრივ, ქვეყანაში აღარ დარჩა კვალიფიციური იურისტი, კობახიძის გარდა ბუნებრივია, რომელიც პირდაპირ და ღიად არ აცხადებს, რომ რუსული კანონის ინიციირებით და მისი მხარდაჭერით, ოცნება ქვეყნის მთავარ კანონს არღვევს და კონსტიტუციით განსაზღვრული პროდასავლური საგარეო კურსის წინააღმდეგ მიდის. ცხადი ხდება, რომ დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ოცნების ხელისუფლების არა მხოლოდ საგარეო ლეგიტიმაცია, ან მათი ნაბიჯების კონსტიტუციურობა, არამედ უკვე შიდა მხარდაჭერის ხარისხიც.

მიუხედავად ამისა, ოცნება ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს და ისე იქცევა თითქოს ფეხზე მყარად დგას. სინამდვილეში ის უკანასკნელი საყრდენი, რაზეც მართლაც დგას ივანიშვილის ხელისუფლება არის შავრაზმული ალტ-ინფოს და ხალხის ძალის აგენტურულ-მარიონეტული კონგლომერატი, რომელიც როგორც კობახიძის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, ძირითადად რუსული ფესვებით ნაკვები რელიგიური პოპულიზმით საზრდოობს და ძალოვანი სტრუქტურები - სუსი და პოლიცია, რომლებიც წარმატებით ასრულებს როსგვარდიის ფუნქციას. ანუ  საქმე  გვაქვს ტიპურ რუსულ რეპრესიულ სისტემასთან, რომლის ამოცანაც დაპატიმრებებითა და დაშინებით, კრიტიკული აზრის და საზოგადოებრივი განწყობების ძალისმიერი ჩახშობაა.

მგონი დროა ჩვენი პოლიციელები და ძალოვანი სტრუქტურის სხვა წარმომადგენლები, მიუხედავად ასაკისა, გამოცდილებისა თუ ჩინისა, კარგად დაფიქრდნენ  იმაზე თუ როგორ ემსგავსებიან არა საბჭოთა მილიციას, რომელმაც ის მაინც მოახერხა რომ 9 აპრილს ქართველი ხალხის გვერდით დადგა, არამედ როსგვარდიას. და სანამ ბევრი კოლეგის მსგავსად ისინიც გადაწყვეტენ, რომ მექსიკის გავლით ამერიკაში გაიქცნენ, უკეთესი იქნება აქ იზრუნონ იმისთვის, რომ პოლიცია პატრიოტიზმით, პროფესიული ღირსებით და კონსტიტუციური ნორმებისა და წესრიგის დაცვით ემსახუროს ქვეყანას და არა რუს მილიარდერს, რომელმაც, ხალხის რეაქციით შეშინებულმა, გავრილოვის მასპინძელი კობახიძე ჯერ მოხსნა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, თუმცა მის სამეფისნაცვლო იერარქიაში მალევე დააწინაურა და პარტიის ლიდერად დანიშნა. რეალურად მაშინ მოხდა პოლიტიკური სისტემის "გავრილოვიზაცია" და მაშინ გაჟონა საზოგადოებაში რუსული სიმსივნის კონფორმისტულმა მეტასტაზებმა, რომელიც საქართველოს სხეულს მოედო, მოადუნა და სრული პარალიზებისკენ წაიყვანა.

დღეს ივანიშვილის “ვლასტი” პუტინის სიველურით კულტივირებულ შიშს, მართვის რუსულ რეპრესიულ მოდელს და ამ მოდელის განმახორციელებელ ადგილობრივ როსგვარდიას  ეყრდნობა. მისი ძალაუფლება შინაგანად, მორალურად, პოლიტიკურად თუ კონსტიტუციურად, ბოლომდე გამოშიგნულია და სრული სიყალბისა და ღალატის დიდ ბუშტზე კიდია. საკმარისია, შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში,  ვინმემ უჩხვლიტოს ამ ბუშტს, ივანიშვილი მიწაზე დაენარცხება და მისი "ვლასტიც" ჩამოიშლება. გასაგებია, რომ "ბუშტის გახეთქვა" საშიშად მოჩანს, თუმცა ეს შიში არაფერია იმ საფრთხესთან, რაც ქვეყნის გამრუდებული ტრაექტორიით და დეგრადაციის ხარისხითაა გამოწვეული. არსებული სტატუს კვო შეგუებით გამოწვეული საშიშროება გაცილებით დიდია, ვიდრე ის რისკები, რომლებიც ამ ხელისუფლების, წინააღმდეგობის მასობრივი მოძრაობით მშვიდობიან ცვლილებებს უკავშირდება.

ამიტომ ბუშტი აუცილებლად უნდა გავხეთქოთ. ამას კი წინააღმდეგობის კარგად ორგანიზებული, მასშტაბური  და უკომპრომისო ფრონტი ჭირდება. დაე ივანიშვილმა იფიქროს იმაზე - ბუშტის გახეთქვის შემდეგ სად დაენარცხება და მის მიერვე, წლების განმავლობაში სხვებისთვის მრავლად ამოთხრილ რომელ ორმოში აღმოჩნდება, რადგან, ისე როგორც საუკუნეების განმავლობაში, საქართველო მაინც მყარად იდგება მიწაზე. ეს მიწა და ნიადაგი კი, როგორც წარსულში - მომავალშიც დასავლური ცივილიზაციაა!


close დახურვა