logo
ENG



პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც დაქირავებული მებრძოლების "დისკრედიტაცია" დასჯადი გახდება

18 მარ 202315:08
3 წუთის საკითხავი
clock 375
2023/03/18/4khcvmx7v75bygn.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ომის ნებისმიერი მონაწილის "დისკრედიტაციას" სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოყვება.

ახლა ეს ნორმები, სამხედროებისა და ხელისუფლების გარდა, გავრცელდება „მოხალისე ფორმირებებზე, ორგანიზაციებზე თუ ინდივიდებზე“, რომლებიც უზრუნველყოფენ "დახმარებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაში“. გარდა ამისა, შემოდის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც.

კანონით ცვლილება შედის ორ მუხლში - ე.წ. ფეიკებში და რუსული არმიის დისკრედიტაციაში. ახლა რუსულ არმიაზე ე.წ. ფეიკების გავრცელების გამო რუსეთში პირი სამის ნაცვლად, ხუთი წლით ჩაჯდება ციხეში. ომის მონაწილეებისა და მოხალისეების შესახებ ე.წ. ფეიკის გავრცელებისთვის, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა, პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ეს ვადა არ შეცვლილა.

ომის მონაწილეების "დისკრედიტაციისთვის" სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ითხოვდა.

რუსეთის ხელისუფლება და მისი დაქვემდებარებული სასამართლო რუსული არმიის "დისკრედიტაციად" აფასებს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ოფიციალურ ვერსიას არ ემთხვევა.


close დახურვა