logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: რაშიზმის ნიურნბერგი

19 მარ 202320:15
3 წუთის საკითხავი
clock 788

გამორჩეულად და გულისამრევად რუსეთუმე მეოცნების გარდა, ალბათ ყველას გვიოცნებია საქართველოს და ქართველების დამრბევ-დამაწიოკებელი ქვეყნის ხელმძღვანელები გალიაში და ისტორიის სამსჯავროზე გვეხილა.

მოვესწარით! ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტზე დაკავების ორდერი გასცა: პუტინი ძებნილი კრიმინალი და ომის დამნაშავეა. საქმე გვაქვს უპრეცედენტო მასშტაბისა და გავლენის გადაწყვეტილებასთან. ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც გაეროს უშიშრობის საბჭოს წევრისა და ბირთვული სახელმწიფოს მოქმედ მეთაურზე სამართლებრივი დევნა დაიწყო. მინიმუმ 123 ქვეყანას, რომლებიც რომის ხელშეკრულებას ეთანხმებიან, მათ შორის საქართველოს, მისი დაკავების ვალდებულება გაუჩნდა.

გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი... პუტინი... პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და მათი  რუსეთში  გადაყვანისთვის".

თავად ბავშვების მკვლელობისა და გაუპატიურების გარდა, რა  შეიძლება იყოს იმაზე უფრო მძიმე და უპატიებელი დანაშაული, რაც მათი მასობრივი მოტაცება და  ნაალაფარად გადაქცევა. ჰააგის სასამართლომ, რომელსაც მტკიცების უმაღლესი სტანდარტი აქვს და ამ დანაშაულის უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია, ინკრიმინირებული დანაშაულების ჩამონათვალის გაფართოება არ გამორიცხა.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა, ჰააგაში ამ საქმის აღძვრის ინიციატორებს შორის იყო. სხვაგვარად თითქოს წარმოუდგენელიც იქნებოდა, რადგან ფაქტები, რასაც რუსეთისა და პუტინისადმი ბრალი დაეფუძნება, წყლის წვეთებივით ჰგავს  სისასტიკეს, რასაც აგრესორი, საქართველოსა და ქართველების მიმართ, წლების განმავლობაში ჩადიოდა. შემთხვევითი არ არის, რომ ჰააგის პროკურორის კარიმ ხანის ამ ისტორიული მნიშვნელობის გაბედულ ნაბიჯში მნიშვნელოვანი წვლილი, დროების ინფორმაციით, უკრაინაში მყოფ ქართველ პროკურორებს და იურისტებს მიუძღვით. ოფიციალური თბილისი, დამოუკიდებელი თავისუფალ ნებასა და ეროვნულ ამოცანაში, პირველ რიგში მიესალმებოდა ჰააგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას და ყველაფრის ფასად შეეცდებოდა საქართველო პუტინისადმი გაფართოებული ბრალის ნაწილად ექცია. არადა ამის რეალურ  შესაძლებლობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის სწორედ ის ომისშემდგომი რეზოლუცია იძლევა, რომელზეც ოცნება წლებია ნეგატიურად სპეკულირებს და რომელიც საერთაშორისო დონეზე პირველად, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნოციდის პრეცედენტს აღიარებს. ეთნიკურ წმენდას და ომის დანაშაულს კი საქართველოშიც იგივე ავტორი ჰყავს, როგორც უკრაინაში - არაადამიანური ბოროტების და სტრატეგიული სიჩლუნგის განსახიერება ვლადიმერ პუტინი.

არამარტო მოსკოვში, ზოგი საქართველოშიც, სკეპტიკურად უყურებს ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის აღსრულებას. გასაგებია, რომ ხვალ, პროკურორი კარიმ ხანი მოსკოვში ვერ ჩავა და პუტინს ბორკილებს ვერ დაადებს. თუმცა, ჰააგის სასამართლოს ვერდიქტის შინაარსი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი აღსრულება. და თუ ვინმეს გონია რომ ამ გადაწყვეტილებას რუსეთზე და მის მოკავშირეებზე გავლენა არ ექნება, მწარედ ცდება. უმძიმესი სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის ეტაპობრივად დადგება.

ამ გადაწყვეტილებით პუტინის რეჟიმის გასამართლების, ანუ ნიურნბერგის პროცესი დაიწყო. რუსეთი ოფიციალურად ცნეს ტერორისტ სახელმწიფოდ, პუტინი კი ომის დამნაშავედ. ცივილიზებული სამყაროს საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა, რაზეც რეალურად დგას კიდეც თანამედროვე  საერთაშორისო ურთიერთობები, თავის ნაწილად უკვე აღარ მოიაზრებს რუსეთის პრეზიდენტს და გამოტანილი აქვს საბოლოო განაჩენი ამ სივრციდან მის საბოლოოდ გარიყვასთან  დაკავშირებით. პუტინი პოლიტიკური თვალსაზრისით ავთვისებიანი სიმსივნეა, რომლისგან სამყაროს გათავისუფლების ერთადერთი გზაც - მისი მოკვეთაა. დასავლეთის პირდაპირი გზავნილი რუსული პოლიტიკური თუ სამხედრო ელიტისთვის ასეთია: ან მილოშევიჩივით თავად ჩააბარებთ პუტინს ჰააგას, ან მთელი რეჟიმი, ქვეყანასთან ერთად გასამართლდება და უმკაცრესად დაისჯება. მანამდე კი პუტინიც და მისი გარემოცვაც უფრო მეტი და მძიმე სანქციების ობიექტი გახდება. იგივე ბედი ელით ყველა პროპუტინისტურ თუ პრორუსულ დაჯგუფებებს, დიდი დრო არ დაჭირდება იმას, რომ მათზეც გაიცეს პატიმრობის ორდერები. მეტიც, შესაბამის სანქციების ქვეშ მოექცევიან იმ ქვეყნების მთავრობებიც, რომლებიც რაიმე ფორმით ხელს შეუწყობენ ომის დამნაშავედ გამოცხადებულ რუსეთის პრეზიდენტს და მის მთავრობას. დღეს უკვე მთელი მსოფლიოს თვალში, რუსეთს, ძებნილი დამნაშავე მართავს. თუკი ჩინეთის, ან ბრაზილიის პრეზიდენტებს ჯერ კიდევ შეუძლიათ საკუთარ თავს მისცენ უფლება არ შეიმჩნიონ ჰააგის ეს გადაწყვეტილება და პუტინთან ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობები შეინარჩუნონ, ამას ვერ და არ გააკეთებს დემოკრატიული სამყაროს ვერც ერთი ქვეყანა, რაც პუტინთან მომავალში რაიმე ტიპის შეთანხმებას, მათ შორის უკრაინის საკითხზეც, უბრალოდ შეუძლებელს ხდის. რაც შეეხება აფრიკის, აზიის თუ სამხრეთ ამერიკის შედარებით მცირე თუ საშუალო ზომის ქვეყნებს, ისინი ძალიან სერიოზულად დაფიქრდებიან იმაზე, რომ რუსეთთან ჩვეული ურთიერთობის გაგრძელება მათთვის შესაძლოა დამღუპველი  აღმოჩნდეს. ამ ქვეყნის დამნაშავე ხელისუფლებასთან საქმის დაჭერით,  თავადაც შეიძლება  საერთაშორისო სამართლებრივი დევნის ობიექტები აღმოჩნდნენ.

პუტინის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივა მკვდარია. უკან მობრუნების წერტილი - გავლილი. მოსკოვი ღრმა და ხანგრძლივი იზოლაციისთვისაა განწირული, რასაც უმძიმესი ეკონომიკური ეფექტი ექნება. და თუ რუსეთთან ურთიერთობების მსურველი სახელმწიფოები კანტიკუნტად მაინც გამოჩნდებიან, ამას მხოლოდ მათთვის უკიდურესად მომგებიანი პირობებით, ანუ მოსკოვისთვის მაქსიმალურად წამგებიანი მოცემულობით გააკეთებენ, რაც კიდევ უფრო მეტ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაკარგებს მოუტანს რუსეთს.  არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ვიზიტის წინ ხდება, ანუ რუსეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო დასუსტებული ხვდება ჩინეთის მმართველს, რომელიც ბუნებრივია ამ ვითარებას სათავისოდ გამოიყენებს. თავის მხრივ, ჰააგის ორდერის შემდეგ, ვეღარც პრეზიდენტ სის ექნება მოლოდინი მისი სამშვიდობო ინიციატივის რელევანტურობაზე. არსებობის განმავლობაში ჰააგის სასამართლომ სულ სამი სახელმწიფოს მოქმედ პირველ პირზე გასცა დაპატიმრების ორდერი. ესენია: ლიბიის მმართველი - მუამარ კადაფი, სუდანის პრეზიდენტი - ომარ ალ-ბაშირი და რუსეთის პირველი პირი - ვლადიმერ პუტინი. აქედან პირველი - კადაფი- ამბოხებულებმა გაქცევისას სასტიკი წამების შედეგად მოკლეს; მეორე - ბაშარი - საკუთარმა არმიამ დააპატიმრა და დღემდე ციხეშია. რომელი მათგანის  ბედს გაიზიარებს პუტინი - არ ვიცით, თუმცა ადვილი მისახვედრია, რომ არც მას და მის გარემოცვას  კარგი დღეები არ ელით. ეს მხოლოდ დასაწყისია.

პუტინისტური რაშიზმის ახალი ნიურნბერგის პროცესი ისტორიულ გალიაში გამოამწყვდევს ველიკორუსული ბოდვების მყრალ ნარჩენს, რომელმაც თანამედროვე მსოფლიოს, განსაკუთრებით კი უკრაინას და საქართველოს ბევრი მოუშუშებელი ჭრილობა მოგვაყენა. პუტინი კრიმინალი და ომის დამნაშავეა! ყველა პუტინისტი - დანაშაულის თანამონაწილე! 


close დახურვა