logo
ENG



ზურაბიშვილი: სრულიად მიუღებელია პაპუაშვილის მიერ ახალგაზრდებზე გაკეთებული განცხადება

20 მარ 202321:47
3 წუთის საკითხავი
clock 792
2023/03/20/owvagj5ztbi7edp.png

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის განცხადებას მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ "ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს".

"სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება. შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს. ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე"- აცხადებს ზურაბიშვილი.

დღეს, 20 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "1000-ლარიანი" ახალგაზრდები უწოდა სტუდენტებს, რომლებმაც ლექტორები, მათ შორის ირაკლი კობახიძე, რუსული კანონპროექტის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკეს.

"ვნახეთ ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები, ხდება შეშვება ამა თუ იმ ლექტორთან აუდიტორიაში, ვნახეთ ბოლო ფაქტი ირაკლი კობახიძის ლექციაზე, იყო ჩაშლის მცდელობა - ადამიანი, რომელიც სტუდენტიც კი არ არის და საერთოდ თსუ-ის სტუდენტი არასდროს ყოფილა, სადაც იყო სტუდენტი, იქაც შეჩერებული აქვს სტატუსი. პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ, ნაციონალური მოძრაობის კოორდინირებით არის მცდელობა, რომ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ"- თქვა პაპუაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროტესტის ნიშნად, ამოშალეს საგანი, რომელსაც ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხულობს.

 ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თსუ-ის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს პროტესტი გამოუცხადეს. 11 მარტს აუდიტორიასთან, სადაც ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა, მათ აქცია გამართეს.

გარდა ამისა, 13 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორ ელიზბარ ელიზბარაშვილს, რომელიც ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩევა შეძახილებით "არა რუსეთს!" დახვდნენ.  ელიზბარაშვილი პრორუსული ალტ-ინფოს ხშირი სტუმარია.


close დახურვა