logo
ENG



აზარაშვილი რესპუბლიკურზე: არცერთი სამედიცინო პერსონალი არ დარჩება სამსახურის გარეშე

27 მარ 202314:14
3 წუთის საკითხავი
clock 469

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ირწმუნება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს სამსახურის მხრივ პრობლემები არ შეექმნებათ და ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში გადანაწილდებიან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით, შემიძლია, მეც დაგიდასტუროთ, ისევე როგორც პრემიერმა, რომ არცერთი სამედიცინო პერსონალი, არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ჩვენ იმდენად მასშტაბური პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, იქ შეუძლებელია, რომ სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, თუნდაც ამბულატორიის ნაწილი დარჩეს და გააგრძელოს ფუნქციონირება. ამიტომ ყველა იმ სამედიცინო პერსონალს, ყველა თანამშრომელს სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებულს ჩვენ გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში იმავე პოზიციებზე, იმავე შემოსავლით", - განაცხადა მან.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში "არასწორი ინფორმაცია და მიზანმიმართული ტყუილები" ვრცელდება. ღარიბაშვილის თქმით, "სახელმწიფოს აქვს კარგი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო". მისივე თქმით, "არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე".

22 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. თანამშრომლებმა ღია წერილში აღნიშნეს, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და თქვა, რომ დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკა მოეწყობა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი "საავადმყოფოს განახლებას" ითვალისწინებს.


close დახურვა