logo
ENG



8 მარტის შეთანხმება - ოპოზიციას რურუას გათავისუფლებას ითხოვს

25 მაი 202009:22
3 წუთის საკითხავი
 

დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება. „მთავარი არხის“ მეწილის ადვოკატები ამბობენ, რომ ის პოლიტპატიმარია და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ ის საპატიმროში დარჩეს.

რურუას კვლავ პატიმრობაში  ყოფნას ოპოზიციური პარტიების წევრებიც აფასებენ.  "ევროპული საქართველოში"  აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს.

პარტიის წევრის ლევან თარხნიშვილის თქმით, 8 სწორედ 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტპატიმრების, მათ შორის რურუას თავისუფლებასაც.  

„ჩვენი დამოკიდებულება გიორგი რურუას საქმისადმი არის ძალიან მარტივი - ჩვენ ვითხოვთ რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, რაც პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას ითვალისწინებს. შესაბამისად, ის ითვალისწინებს, რომ გიორგი რურუა უნდა იყოს თავისუფლებაზე და წერტილი“, - განაცხადა თარხნიშვილმა. 

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრი ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ზუსტად იცის ის სახელები და გვარები, რომლებიც შეთანხმების დოკუმენტში პოლიტპატიმრებად მოიხსენიება, რის გამოც რურუას გათავისუფლება აუცილებლად მოუწევთ.

„ხელისუფლება თაღლითობს როგორც სჩვევია. ძალიან კარგად იცოდნენ თუ რას აწერდნენ ხელს. ძალიან კარგად იცოდნენ რა გვარებზე იყო საუბარი. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში, ან საერთოდ ხარ თუ არა პოლიტიკაში, როდესაც შეთანხმებას ხელს აწერ, ეს შეთანხმება უნდა შეასრულო. ეს ჩვენს გადამგდებ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არ ესმის“, - განაცხადა ბიწაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მისი გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა - პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები კი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის, შეწყალებას გამოეხმაურა. როგორც მაკკალისტერმა აღნიშნა, 15 მაისს პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა მისივე თქმით ასევე მნიშვნელოვანია გიორგი რურუას გათავისუფლება.

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი ასევე ავრცელებენ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ელიან რურუას გათავისუფლებას.

8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.


close დახურვა