logo
ENG



8 წლის განმავლობაში, ერთადერთი, რაც დათესა ოცნებამ, ძალადობაა - ხაბეიშვილი მდინარაძეზე

28 ივნ 202018:32
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "ახალგაზრდებს შორის რაღაცა შეხლა-შემოხლა ყოველთვის იქნება".

საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ძალადობას ახალისებს.

8 წლის განმავლობაში, ერთადერთი, რაც დათესა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს საზოგადოებაში, არის ძალადობა, სისხლი, ამის წახალისება. მერე ამას როცა რამე მოჰყვება, ამბობენ, რომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ და თურმე კრიმინალი ყოველთვის იყო და იქნება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქუჩური გარჩევები ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა და ეს ყოველთვის მოხდება. 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურა ყველა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახითპატიმრობას ითხოვს

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

 

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 


close დახურვა