logo
ENG



Азимут-მა საქართველოდან ნებართვა მიიღო - ფრენებს 17 მაისიდან შეძლებს

15 მაი 202318:05
3 წუთის საკითხავი
clock 1273
2023/05/15/juxfr2us4o18dfb.jpg

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, გივი დავითაშვილის განცხადებით, დღეს რუსულ ავიაკომპანიაზე, Азимут-ზე ნებართვა გაიცა და ის 17 მაისიდან შეძლებს ფრენებს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ ეტაპზე 5 ავიაკომპანიის განაცხადია შემოსული, ერთ-ერთი ავიაკომპანიის განაცხადის შესწავლა უკვე დასრულდა, ეს გახლავთ Azimuth Airlines, რომელიც უკვე 17 მაისიდან შეძლებს ფრენების შესრულებას, აღნიშნული ნებართვა დღეს გაიცა სააგენტოს მხრიდან, ეს გახლავთ ჩარტერული ფრენები", - განაცხადა მან.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულების მოთხოვნით განცხადება წარდგენილი აქვს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-საც.

"ჩვენ მიერ მოხდა ყველა იმ ქვეყნის მაგალითის გაანალიზება და შესწავლა, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიები ახორციელებენ ფრენებს და შესაბამისად, პარალელურ რეჟიმში აღნიშნული ქვეყნების ავიაკომპანიებიც ახდენენ რუსეთის მიმართულებით ოპერირებას და მიღებული იქნა, შეიძლება ითქვას, ყველაზე უფრო მეტად მკაცრი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, სანქცირებული გახლავთ ევროპის ქვეყნების შავი სიის შესაბამისად, ასევე, არცერთი საჰაერო ხომალდი, რომელსაც აქვს მწარმოებლის მიერ მხარდაჭერა შეწყვეტილი არ იოპერირებს საქართველოს მიმართულებით.

ფრენის შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადის წარმოდგენას აქვს თავისი შესაბამისი კრიტერიუმები, რომელსაც ყველა ავიაკომპანია, რომელიც სურვილს გამოთქვამს საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით, უნდა აკმაყოფილებდეს, ხოლო რაც შეეხება გადამოწმების საკითხს, მოგეხსენებათ, რომ გარკვეულ შრომას მოითხოვს, შესაბამისი სპეციალისტები სააგენტოს მხრიდან ახდენენ დოკუმენტაციის შესწავლას და ამიტომ, ეს გარკვეულ დროს საჭიროებს, ასევე, ჩვენ მიერ ხდება ყოველ განაცხადთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა, კონსულტაციები და ეს ყველაფერი საჭიროებს გარკვეულ დროს", - განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან, ანუ დღეიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.


close დახურვა