logo
ENG



საქართველო რუს ტურისტებში დასვენებისთვის მეორე ყველაზე პოპულარული ადგილია - რუსეთი

24 მაი 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock 734
2023/05/24/flq0fhl0urwnkr6.jpg
ვახო ქარელი/ფორმულა

რუსეთის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ეროვნული გაერთიანების პრეზიდენტის ალექსეი ვოლკოვის თქმით, საქართველო რუსეთის მოქალაქეებს შორის დასვენებისა და უქმეებზე ვიზიტისთვის თურქეთის შემდეგ მეორე ყველაზე პოპულარული ადგილია.

ინფორმაციას რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია TASS ავრცელებს.

ვოლკოვის თქმით, საქართველოში ტურისტებს სხვა დანარჩენთან ერთად "ადგილობრივი სამზარეულო, მთები და ზღვისპირა დასვენება" იზიდავთ.

"უცხოურ ლოკაციებს შორის, საქართველო თურქეთის შემდეგ, [საზღვრის] გახსნის შემდეგ, გახდა მეორე ჯავშნების რაოდენობით" - განაცხადა ვოლკოვმა.

მისი თქმით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველო უცხოურ ლოკაციებს შორის თურქეთის ადგილს ვერ დაიკავებს, ვინაიდან "თურქეთს განსხვავებული დონისა და ხარისხის მეტი შეთავაზება აქვს".

"ასევე ეს [თურქეთთან მიმოსვლა] არის დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული ტრენდი რუსებს შორის, მაშინ როცა ისინი, ჯერჯერობით, "აკვირდებიან" საქართველოს. ამ ქვეყანაში ტურისტებს სხვა რამეებთან ერთად, ადგილობრივი სამზარეულო, მთები და ზღვისპირას დასვენება იზიდავთ" - განაცხადა ვოლკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

საქართველოში ფრენებზე ნებართვა უკვე გაიცა რუსულ ავიაკომპანია Азимут-ზე. თავდაპირველად ავიაკომპანიის საიტზე, სადაც მომხმარებლებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნებად იყო მითითებული.

Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა. კომპანიის ცნობით, რუსეთთან ფრენები კვირაში 7 დღე იქნება. 

19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.


close დახურვა