logo
ENG



ოცნების დეპუტატი ფიქრობს, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობები "ჰაერივით სჭირდება"

24 მაი 202316:36
3 წუთის საკითხავი
clock 683
2023/05/24/uyqstrisqx5fgc8.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი, ბეჟან წაქაძე ფიქრობს, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობები "ჰაერივით სჭირდება". ამის შესახებ მან მთავარ არხთან კომენტარში ისაუბრა და თქვა, რომ თუ დასავლეთი ჩვენი პარტნიორია, ეს უნდა "გაიგონ".

"ესენი თუ ჩვენი პარტნიორები არიან, უნდა გაიგონ, რომ საქართველოს ეს ჰაერივით სჭირდება, ურთიერთობები, სხვანაირად ჩვენ გაგვიჭირდება და ვერავინ ვერ გვეხმარება. დაველოდოთ რას იტყვიან, მე დარწმუნებული ვარ, თუ ისინი ანალიზს გააკეთებენ, თუ რას აკეთებს საქართველო და როგორ სჭირდება ეს, სხვანაირად ჩვენ ვერ ვიარსებებთ.

ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვერ ჩავერთვებით იმ რეგულაციებში, რაც დააწესა ევროპამ და ეს იციან. ძალიან ბევრი ქვეყანა, თვითონ ევროპა იძულებულია, ყველაზე საჭირო პროდუქცია მისგან იყიდოს, მაგალითად, ამერიკელები ყიდულობენ სასუქს, ევროპელები ყიდულობენ გაზს, უამრავ პროდუქტს სხვადასხვა ლითონებს და ა.შ. - რატომ ყიდულობენ? იმიტომ, რომ მათ სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ ეს, ასევე, ჩვენ გვესაჭიროება ურთიერთობა ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი პროდუქცია სჭირდება", - განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.

რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის. 

რუსეთში იფრენს ქართული ავიაკომპანიაც - Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.


close დახურვა