logo
ENG



რუსეთის ელჩი ბრიტანეთში: რუსეთს უკრაინაში სერიოზული ქმედებები ჯერ არ დაუწყია

28 მაი 202312:48
3 წუთის საკითხავი
clock 587
2023/05/28/pceucj9kvjcr96e.jpg

ბრიტანეთში აშშ-ის ელჩმა ანდრეი კელინმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს "უდიდესი რესურსები" აქვს და მას "სერიოზული ქმედებები ჯერ არ დაუწყია".

"რუსეთი უკრაინაზე 16-ჯერ დიდია. ჩვენ უდიდესი რესურსები გვაქვს. რუსეთს ჯერ სერიოზული ქმედებები არ დაუწყია" - თქვა კელინმა.

ელჩის თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ხანგრძლივობა "ომის ესკალაციის კუთხით NATO-ს ქვეყნების და განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის ძალისხმევაზეა" დამოკიდებული. კელინმა ომში "ახალი განზომილების" შესაძლებლობაზეც ისაუბრა. 

"ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, ამ ესკალაციამ, შესაძლოა ახალი განზომილება შეიძინოს, რომელიც არ გვჭირდება და არ გვინდა. ხვალვე შეგვიძლია მშვიდობის დამყარება" - თქვა რუსეთის ელჩმა.

ანდრეი კელინი უკრაინაში ომს კრემლის ნარატივის მიხედვით "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიებს და ბახმუტში რუსეთის მწირი საბრძოლო რესურსებისა და უკან დახევის მიუხედავად, რუსეთის წარუმატებლობებს უარყოფს.

ამავე ინტერვიუში რუსეთის ელჩმა სცადა, უკრაინა კონფლიქტის პროვოცირებაში დაედანაშაულებინა. ხოლო უკრაინაში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ გაეროს მიერ აღწერილი შემთხვევების შესახებ კელინმა თქვა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულებს უკრაინული ძალებიც სჩადიან.

 

close დახურვა