logo
ENG



დავითაშვილი დემარშზე: შეიძლება, იყოს აზრთა სხვაობა, ჩვენი კონტექსტი EU-სგან განსხვავდება

29 მაი 202318:33
3 წუთის საკითხავი
clock 630
2023/05/29/s1k3ac8ipcn8a0z.png

ვიცეპრემიერის, ლევან დავითაშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე "ღია და გულწრფელი" დიალოგი ჰქონდა იმ საკითხებზე, რომლებიც "EU-ის ქვეყნებისთვის აქტუალურია".

დღეს, ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩმა დავითაშვილს რუსეთთან ფრენებზე ოფიციალური დემარშით მიმართა

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავითაშვილმა თქვა, რომ ძირითადი თემა ფრენებს შეეხებოდა, თუმცა მათ "ზოგადად არსებული გეოპოლიტიკური ვითარება" განიხილეს.

"ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი იმ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის დღეს აქტუალურია. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრება საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ეს იყო ძირითადად განხილვის საგანი, თუმცა ჩვენ ზოგადად არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ვიმსჯელეთ. ვიმსჯელეთ იმაზე, რომ საქართველოს მდგომარეობა და სიტუაცია არ შეიძლება განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა. საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა გააჩნია, აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. ასე, რომ საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან და ამაზე ღია საუბარი იყო ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან. ვფიქრობ, ბევრი ელჩისთვის ეს გასაგები და ლოგიკურია"- ამბობს დავითაშვილი.

ამასთან, როგორც ის აცხადეს, მათ ისაუბრეს სანქციების აღსრულების საკითხზეც.

"ჩვენ ასევე შევეხეთ ზოგადად ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სანქციების აღსრულების და შესრულების საკითხებს მათ შორის იმაზე, რომ ჩვენ გვექნება დამატებით სამი ახალი დაკავშირების პუნქტი რუსეთის ფედერაციასთან. დღეს ძირითადი საზღვარი გვაქვს ლარსით და აქ ხდება საბაჟო კონტროლი მკაცრად და ამას ყველა ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი სანქციების აღსრულების ნაწილში, თუმცა სამი ახალი დაკავშირების პუნქტი გვიჩნდება - თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში, აქ ჩვენი მხრიდან არსებობს მზა პოზიცია საბაჟო საბაჟო შესაძლებლობების ზრდის და ისევე, როგორც უმაღლეს დონეზე ხდება სანქციების აღსრულება ლარსის საბაჟო პუნქტზე, ასევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი ამ აეროპორტებშიც. ესეც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ელჩებს გავუზიარეთ. [...]

რა თქმა უნდა, შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი მდგომარეობა არ შეიძლება გაიგივებული იყოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან."- ამბობს დავითაშვილი.

დღეს, 29 მაისს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ლევან დავითაშვილს რუსეთთან ფრენებზე ოფიციალური დემარშით მიმართეს.

EU-ის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს დემარში აქამდეც გამოუცხადეს - 27 თებერვალს ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.

რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის. 

რუსეთში იფრენს ქართული ავიაკომპანიაც - Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.


close დახურვა