logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოცნება - "პუტინის დრონი" დასავლეთში

31 მაი 202321:10
3 წუთის საკითხავი
clock 883
2023/05/31/intwq162syk7vzq.jpg

ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს პრემიერის გზავნილები მოსკოვშიც და დასავლეთშიც ერთნაირად გაიგეს, აღიქვეს და შეაფასეს. ამის მაგალითი ბრატისლავაში ღარიბაშვილის გამოსვლაზე რუსული მედიის და დასავლელი პოლიტიკოსების გამოხმაურებებია, რომლებიც ზუსტად ერთსა და იმავეს გვატყობინებენ: საქართველოს ჰყავს კრემლის ორბიტაზე კომფორტულად მოკალათებული მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც უკრაინის ომში არა რუსეთს, არამედ ნატოს ადანაშაულებს.

ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ რას ემსახურებოდა ღარიბაშვილის ეს აქამდე უპრეცედენტო ანტი-დასავლური გზავნილები და საერთოდაც, რატომ გადაწყვიტა პრემიერმა ასე თავის გამოდება. ის, როგორც წესი, მსგავს ფორუმებს ძალიან იშვიათად ესწრება, და თუ ასეთი მაინც ხდება, ძირითადად კულისებში ყოფნით, ან ხელმისაწვდომ ლიდერებთან თითო-ოროლა ფოტოთი კმაყოფილდება.

საქართველოს ხელისუფლება აქამდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს 12 პუნქტთან მიმართებაში ურჩობის ღია დემონსტრირებით ცდილობდა და იმედი ჰქონდა, რომ მათი უმეტესობის შეუსრულებლობა საკმარისი მიზეზი იქნებოდა ბრიუსელისგან უარის მისაღებად. თუმცა, ბოლო დროს აშკარად გააქტიურდა დასავლური გზავნილები, რომ 12 პუნქტის შესრულების ხარისხის მიუხედავად, ევროპულ საბჭოს გეოპოლიტიკური მიზანშეწონილობიდან და ქართველი ხალხის მყარი ნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მიეღო დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე. დიდი ალბათობით, სწორედ ამიტომ, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენით და ახლა უკვე საქართველოს პრემიერის მხრიდან საერთაშორისო ფორუმზე უკრაინის ომში ნატოს დადანაშაულებით, ივანიშვილმა გადაწყვიტა, საქართველო უფრო მკაფიო წინააღმდეგობაში მოეყვანა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამით მან შექმნა გადაულახავი, ამჯერად უკვე მართლაც გეოპოლიტიკური წინააღმდეგობა იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ღარიბაშვილის ბრატისლავაში გამოსვლით მილიარდერმა ვაშინგტონსაც და ბრიუსელსაც ძალიან ნათელი მესიჯი გაუგზავნა: საქართველოს არის ევროკავშირის მოწინააღმდეგე და რუსეთის მოკავშირე სახელმწიფო, რომელსაც დასავლურ სამყაროში არაფერი ესაქმება.

ასეა, სამწუხაროდ, შეგვიძლია, უკვე თამამად დავივიწყოთ 12 პუნქტი. რადგან მათ მნიშვნელობა და აქტუალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ შენ პოლიტიკურ დონეზე ღიად და დეკლარირებულად ევროკავშირის მოკავშირე, მისი მთავარი ღირებულებების და პოლიტიკური ხაზის გამზიარებელი სახელმწიფო ხარ. ამ შემთხვევაში გიწესებს ბრიუსელი კონკრეტულ კრიტერიუმებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა თუ კანონის უზენაესობის მიმართულებით, რის შესრულებასაც იმიტომ გთხოვს, რომ ერთიანი ევროპისთვის მთლად უცხო სხეული არ აღმოჩნდე. მაგრამ თუ შენ ღიად და დემონსტრაციულად ევროკავშირს მოწინააღმდეგედ, რუსეთს კი მოკავშირედ განიხილავ, მაშინ ეს ყველაფერი საერთოდ კარგავს აზრს.

ღარიბაშვილის რუსული გზავნილები თბილისისადმი პუტინის საჯაროდ გამოთქმული უკმაყოფილების განეიტრალების მცდელობაც იყო. არავინაა ისეთი სულელი სჯეროდეს, რომ პუტინის ეს გადაწყვეტილება, როგორც ოცნება გვიმტკიცებს, მართლაც სააკაშვილის მთავრობის თხოვნის შედეგია. ვიზების გაუქმებითა და საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით მოსკოვმა ივანიშვილის კლანურ-მაფიოზური ხელისუფლების მოთხოვნას უპასუხა. რასაც საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიცია და მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილებით და რუსეთის მწვავე კრიტიკით შეხვდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოსკოვის მისამართით არანაკლებ კრიტიკული იქნებოდა ევროპარლამენტშიც, ამიტომაც პრემიერის მხრიდან, მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან რუსეთისადმი ლოიალობის დადასტურებით და მეტიც, მისი მთავარი მოწინააღმდეგეების ნატოს, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის უკრაინის ომში პირდაპირ დადანაშაულებით, ივანიშვილი მისივე "დანიშნული" საქართველოს პრეზიდენტის გზავნილების განეიტრალებას და პუტინის გულის მობრუნებას შეეცადა.

და ბოლოს… დრონები არა მარტო სამხედრო ინდუსტრიის სიახლეა, არამედ თანამედროვე ჰიბრიდული ომისთვისაც ძალიან ეფექტურად გამოყენებადი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური და პოლიტიკური საშუალება. მართალია, მათ ბალისტიკური რაკეტებივით დიდი ნგრევისა და მსხვერპლის მოტანა არ შეუძლიათ, თუმცა რადგან ტრადიციული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის მათი გადაადგილება, ლოკაცია და ტრაექტორია რთულად ამოსაცნობია, ხოლო გაუვნებელყოფა შედარებით პრობლემური, დრონები არეულობისა და დემორალიზაციის შესაქმნელად საკმაოდ ეფექტური იარაღია. რადგანაც საქართველო ინერციით ჯერ კიდევ პროდასავლური ქვეყანაა, ხოლო მისი ხელმძღვანელობა, რუსეთის ლიდერებისგან განსხვავებით, დასავლეთში კვლავაც თავისუფლად ოპერირებს, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და პირადად ღარიბაშვილი უკვე დიდი ხანია იქცნენ პუტინის მართულ ერთგვარ დრონებად, ანუ დისტანციური მართვის აპარატებად, რომელთა ფუნქციაც დასავლურ სამყაროში გარკვეული დესტრუქციისა და ქაოსის შეტანაა. ამ ეტაპზე, პუტინი შედეგსაც აღწევს - საქართველოს რუსეთისგან დაშორების და დასავლეთთან ინტეგრაციის პერსპექტივას უხერგავს, ხოლო თავად დასავლეთში უკრაინაში დატრიალებულ სისასტიკეზე ბრალეულობის გადანაწილებას ცდილობს, თუმცა ვინც ამ დრონის როლს ასრულებს, უნდა ახსოვდეს, რომ დრონების, დისტანციური მართვის ამ აპარატების უმეტესობის სპეციფიკა ისაა, რომ ერთჯერადი გამოყენებისაა და სამიზნის დაზიანებასთან ერთად, თავად მთლიანად ნადგურდება. ასეთი ბედი ელის ყველა იმ ფორმალურად ქართველს, რომელიც საქართველოს ინტერესს ისტორიის ბნელი მხარისკენ მიათრევს.


close დახურვა