logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სულით რუსული, ხორცით ქართული

04 ივნ 202320:13
3 წუთის საკითხავი
clock 983

"უნდა ეცადოთ საქმე საქართველოში ისე მოაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი ხელმძღვანელობით ხდებოდეს, ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომ თავიანთი მთავრობის განკარგულებებს ასრულებდნენ. ყოველი ჩვენი წადილი განხორციელდეს, მაგრამ იმნაირად, რომ სული რუსული იყოს, სხეული კი ქართული".

ეს არის ამონარიდი საიდუმლო წერილიდან, რომელიც 240 წლის წინ გრაფმა პანინმა გენერალ ტოტლებენს გაუგზავნა და რაზეც თვით ივანე ჯავახიშვილი ამახვილებდა ყურადღებას, როდესაც მაშინდელი ქართველობისთვის იმის ახსნას ცდილობდა თუ როგორ ახერხებდა რუსეთი საქართველოს ისე მოჯადოებას, რომ არაერთი მწარე გამოცდილების მიუხედავად მაინც "ქრისტეს მოყვარე" რუსეთის მფარველობის გულწრფელი მოიმედე ყოფილიყო. დღეს, ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს პუტინისტურ, რუსულ რეჟიმად ჩამოყალიბებას, მოსკოვი კი ცბიერი და თანმიმდევრული ტაქტიკური სვლებით წარმატებით აღწევს სტრატეგიულ მიზანს. იმ მიზანს, რომელზეც ჯავახიშვილი მიგვითითებდა საუკუნის წინ, "სულით რუსული, სხეულით ქართულიო", რაც ზუსტად ისაა, რასაც დღეს ქართული პოლიცია აკეთებს, როდესაც სრულიად უკანონოდ და გაუმართლებლად პარლამენტის წინ ცარიელი პლაკატით მდგარ ადამიანს აკავებს. ეს არის პუტინის რეჟიმის წადილი, განხორციელებული საქართველოს მთავრობის განკარგულებით და ქართველი პოლიციელების ხელით, რომლებსაც საქართველოს გერბიანი ფორმა აცვიათ, პოლიციის დღის ღონისძიებაზე სწორებას საქართველოს დროშაზე ახდენენ და თავისუფლებისთვის ჰიმნს ხმას ამაყად აყოლებენ.

ქართული სახელმწიფოს გარუსების და პუტინისტურ რეჟიმად გადაქცევის პროცესი, როგორც საგარეო ისე საშინაო პოლიტიკურ ჭრილში, აშკარა და უხეში გამოვლინებებით, უკიდურესად დაჩქარებული ტემპით მიმდინარებს. გლობსეკზე საქართველოს პრემიერი რუსეთის უკრაინაში შეჭრაში NATO-ს, 2008 წლის ომში კი საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს; რამდენიმე დღის შემდეგ მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩასული იგივე ღარიბაშვილი, ისტორიული მოკავშირეებისგან გარიყულია და თავისუფალი სამყაროს ლიდერისთვის ხელის ჩამორთმევის ღირსიც ვერ ხდება; ფაშინიანი ღიად ამბობს, რომ სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის, საქართველოს ხელისუფლება კი ტერორისტულ სახელმწიფოს მხარდაჭერას ცის გახსნითა და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე თანხმობით უდასტურებს.

ამ დროს ქვეყნის შიგნით მამას, შვილის უსამართლო დაკავების გამო მშვიდობიანი პროტესტის უფლებას ართმევენ და იჭერენ კიდეც; მთავარ კონსტიტუციურ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ მოქალაქეებს, მათ შორის ადვოკატებს; უკანონოდ აკავებენ პარლამენტის წინ მშვიდობიანად, ტრანსპარანტებით მდგარ ადამიანებს; განათლების სისტემაში ჯერ კიდევ დარჩენილი ავტონომიური დემოკრატიული სივრცეების ბოლომდე გასაუქმებლად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორზე ყოვლად უზნეო შეტევა - კიდევ უფრო ზუსტად რომ დავახასიათოთ - კლასიკური რუსული მოვლენა -  "ტრავლია" მიმდინარეობს, აქტიურად გრძელდება კინო ცენტრიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული, გამორჩეულად კვალიფიციური ადამიანის დევნა და შევიწროება. წულუკიანი და მისი უწყება კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეპრესიული მანქანა ისე მომართოს - ასეთ ადამიანებს საკუთარ პროფესიაში და მეტიც, ქვეყანაში აღარ დაედგომებოდეთ; საქართველოს საზღვრებს უკვე პირდაპირ რუსული ФСБ აკონტროლებს - ლავროვის ოჯახი კახეთში ქორწილს იხდის, კადიროველები ესკორტით გადაადგილდებიან და შენდეროვიჩს კი ქვეყანაში არ უშვებენ. შეუძლებელია ამ ყველაფერმა ქართული ოცნების რუსული ბუნების შესახებ ყოველგვარი კითხვის ნიშნები არ მოხსნას და ნებისმიერ პატრიოტ, მოაზროვნე საქართველოს მოქალაქეში სირცხვილის გრძნობა არ აღძრას. ან ვინმე ვერ მიხვდეს, თუ როგორ ვნებს ივანიშვილის მთავრობის ეს ნაბიჯები ეროვნულ ღირსებას თუ ინტერესებს. თუმცა თუ ვინმეს გონია, რომ ეს მხოლოდ სირცხვილის, მორალისა და მაღალი მატერიების საკითხია და პირადად მათ არასდროს შეეხებათ, მწარედ ცდებიან. ეს "სულით რუსული და სხეულით ქართული" მმართველობა ბოლოს აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, როდესაც აბსოლუტურად უწყინარ ადამიანებს, მარტო მათ კი არა, ვინც ქუჩაში ტრანსპარანტებით გამოსვლა გაბედა, არამედ მათაც, ვინც სოციალურ ქსელში განგებ, თუ შემთხვევით ხელისუფლებისთვის არასასურველი პოსტი მოიწონა, შესაძლოა ზუსტად იგივე დაემართოს, რაც ბელარუს ბლოგერ ნიკოლაი კლიმოვიჩს, რომელსაც ფეისბუკში ლუკაშენკოს "დაჰაჰავებაზე" 1 წლით ციხეში უკრეს თავი, სადაც პატიმრობიდან ორ კვირაში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

და ისინიც მწარედ ცდებიან, რომლებსაც მიაჩნიათ რომ საქართველო ბელარუსი არ არის და ვერასდროს გახდება. ასე თუ გავაგრძელებთ, ბელარუსიც გავხდებით და უარესიც. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში 30-იანი წლების რეპრესიები ბევრად მასშტაბური, მძიმე და სისხლიანი იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროინდელ ბელარუსში.

ასეთი მწარე და უიმედო დასასრული რომ არ გამომივიდეს, მინდა შეგახსენოთ, რომ ოპტიმიზმის 2 ყველაზე ძლიერი და განმსაზღვრელი მიზეზი გვაქვს: 1. უკრაინა, რომელმაც, როგორც მინიმუმ, მსოფლიოს ჩვენს ნაწილში ისტორიის ჩარხი თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ შემოატრიალა და 2. ტოტლებენისთვის საქართველოს დასამონებლად მიცემული დირექტივა მომენტალურად დაკარგავს ძალას, როგორც კი ქართველების უმრავლესობა გავიაზრებთ, რომ "სულით რუსული და ხორცით ქართული" ხალხი გვმართავს და მოქმედებაზე გადავალთ. 


close დახურვა