logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: რა "გვითხრა" Edison Research-მა?!

21 ივნ 202321:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/21/czeqkfv18yxpp60.png

ახლა რომ არჩევნები იყოს, ოცნება მცირედით, მაგრამ მანდატების უმრავლესობას აიღებდა. თუმცა, ეს ვერ მოხდება, თუ ოპოზიცია უკვე არსებულ, მის იდენტიფიცირებულ ხმებს აითვისებს, ამომრჩევლის ნდობას ბარიერს მიღმა არ ჩატოვებს და პირველ ადგილზე გასულ პარტიას არ ახეირებს.

ედისონის კვლევით, მთლიანობაში ოპოზიციონერი ამომრჩეველი ბევრად აჭარბებს ოცნებისას.

კვლევა აჩვენებს, რომ "ხმები ნაცმოძრაობის გარდაცვალების შესახებ" გადაჭარბებული აღმოჩნდა, პოლიტტექნოლოგებისა თუ ცალკეული პოლიტიკოსების მოსაზრებები, ოპოზიციურ ფლანგზე ახალი სუბიექტის მიერ წამყვანი პოზიციის დაკავებაზე, უფრო სურვილი აღმოჩნდა, ვიდრე სოციოლოგიური, თუ ელექტორალური რეალობა.

ნაცმოძრაობიდან, პრინციპში უკვე მერამდენედ, ცნობილი სახეების წასვლას დრამატული გავლენა არ მოუხდენია ამ პარტიის მხარდაჭერაზე. ალბათ იმიტომ, რომ ის უპირველესად მიხეილ სააკაშვილის სახელთან ასოცირდება. სააკაშვილის ფაქტორი კი უცვლელია, მეტიც - კვლევა იქამდეა ჩატარებული, სანამ მესამე პრეზიდენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობაზე განაცხადს გააკეთებდა. როგორც ჩანს, ნაცმოძრაობის ამომრჩეველს არც მანამდე ჰქონდა განცდა, რომ დამფუძნებელი, თავისივე პარტიის და მისი ამომრჩევლის მიზნებიდან დისტანცირებული იყო.

მოკლედ რომ ვთქვათ, სანამ სააკაშვილი პოლიტიკაშია, ნაცმოძრაობას ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი, რომლის მატებაც და კლებაც უფრო მეტად იმაზეა დამოკიდებული, მის გარდა რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტია, ან გაერთიანება ახერხებს თუ არა ძალის გამოსხივებას, საარჩევნო ბარიერის დამაჯერებლად დაძლევის პერსპექტივის ჩვენებას და ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან თანმიმდევრული და შეურიგებელი ბრძოლის წარმართვას.

ამ "სხვა" ოპოზიციაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი პარტიულ რეიტინგში ყველაზე მსხვილ ციფრს - ქართული ოცნების 37%-ს მივუბრუნდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნებთან მიმართებაში კლება მნიშვნელოვანია, უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ამავე კვლევაში ამოტივტივებული ხალხის ძალის, ალტინფოს, თუ პატრიოტთა ალიანსის 1 და 2-პროცენტიანი მაჩვენებლები, რომლებიც არჩევნების მოახლოებისა და მზარდი პოლარიზაციის ფონზე, დიდი ალბათობით, ისევ "დედაპარტიას", ანუ ივანიშვილის საარჩევნო კალათას მიუბრუნდება, რაც ოცნებას 37%-ზე მეტის შედეგის მიღწევის პერსპექტივას უტოვებს.

თუმცა, ეს შედეგი მაინც არცერთ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი პროპორციულ სისტემაში საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისთვის, თუ ოპოზიციური ფლანგის ძირითადი მოთამაშეები, არათუ ახალი მხარდამჭერების მოპოვების - დღეს არსებული, მათი კუთვნილი ხმების ათვისებასა და 5%-იან ბარიერზე "გადავლებას" შეძლებენ. შესაბამისად პირველ ადგილზე გასულ ოცნებას არ მისცემენ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მანდატის ათვისების შესაძლებლობას.

ეს რაოდენობა, ანუ ნაცმოძრაობის მიღმა მყოფი, ნამდვილად ოპოზიციური ხმების მოცულობა, მთლიანობაში საკმაოდ დიდი - 30%-ზე მეტია.

რას იზამენ პარტიები, გაიაზრებენ ამ საარჩევნო ტექნოლოგიურ მათემატიკას, დაელოდებიან უკრაინის გამარჯვებას და ოცნების ჩამოშლას, მემარცხენეობის მიხედვით დალაგდებიან, თუ მემარჯვენეობის, თუ ისეთ ადგილს შეარჩევენ, რომ - ბიძინასგან გულაცრუებული და პროდასავლურად განწყობილი მომხრეები მიშას და ნაცმოძრაობის გრავიტაციის ველთან ზედმეტად ახლოს არ იყვნენ - არის კიდეც მთავარი საფიქრალი.

ფაქტი ერთია, რომ ოპოზიციური ხმების დაუკარგველობის ამოცანა საერთო ოპოზიციურ სტრატეგიად უნდა იქცეს და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება ელექტორალური ფასი ამა თუ იმ პარტიის ძალისხმევას.

ედისონის კვლევიდან ნათლად ჩანს 2 ფაქტორი, რაც ასევე მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას არჩევნების შედეგზე. აქედან უკრაინის გამარჯვება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ბედი ოპოზიციაზე არ არის დამოკიდებული, აი, მეორე ფაქტორი კი არის - ოცნების მხარდამჭერთა დემოგრაფიული სტრუქტურა მკვეთრად არის გადახრილი მაღალასაკობრივი, ხანდაზმული ამომრჩევლის კატეგორიისკენ. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ამოცანა ჯერ კიდევ მცირედით ათვისებული რესურსის - ახალგაზრდობის მხარდაჭერის მოპოვება და მათი, როგორც ამომრჩევლის გააქტიურებაა. ამ ფაქტორის ამუშავება მთლიანად პროდასავლურ დემოკრატიულ ფლანგზე და არამარტო პარტიებზეა დამოკიდებული.

ედისონ რისერჩის კვლევა კარგი მასალაა, რომელიც მომენტს ასახავს და არა არჩევნების შედეგს. მისი სწორად წაკითხვის, ეფექტური სტრატეგიის დაგეგმვის და რეალიზების შემთხვევაში, ამ რეპრესიული, რუსეთთან მიმსგავსებული რეჟიმის პირობებშიც კი, დასავლეთის სადამკვირვებლო მისიების გრძელვადიანი და მასშტაბური მონიტორინგის გათვალისწინებით რეალური შესაძლებლობაა, რომ მოსახლეობის იმ 64 %-ის განწყობა, რომელიც თვლის, რომ ქვეყნის განვითარების კურსი შესაცვლელია, ხოლო ოცნება ხელისუფლებას ჩამოსაშორებელი, 2024 წელს საარჩევნო შედეგად იქცეს.


close დახურვა