logo
ENG



6 საეჭვო პირი/3 ავტომობილი - შაბათის ფორმულამ მშვილდაძეზე თავდასხმის ახალი კადრები მოიპოვა

01 ივლ 202320:50
3 წუთის საკითხავი
clock 1525

შაბათის ფორმულამ ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ახალი ვიდეოკადრები მოიპოვა.

მოპოვებულ კადრებში 6 საეჭვო პირი ჩანს, რომლებიც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის მომენტში - ანუ ადევნებიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პერიოდში, ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. ამავე კადრებიდან დგინდება, რომ თავდასხმას 3 ავტომობილიდან აკონტროლებენ. კერძოდ, კამერებში ჩანს, რომ BMW-ს და მერსედესის მარკის ავტომობილები, თავდასხმამდე და მის შემდეგაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი და იგივე ტრაექტორიით მოძრაობენ - გამზირიდან, ვაჟა-ფშაველას ჩიხი, ზაქარიაძის ქუჩა, ასათიანის ქუჩა და ისევ ვაჟა-ფშაველას გამზირი - ეს ტრაექტორია 3-ჯერ მეორდება.

გარდა ამისა, კადრებში ჩანს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფოტოგრაფია.

კამერების ჩანაწერებიდან ასევე დგინდება, რომ კაცები, რომლებიც ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს უთვალთვალებდნენ, მასზე თავდასხმას შორიდან უყურებდნენ.

შაბათის ფორმულას ცნობით, კიდევ ერთი საეჭვო დეტალი, რომელიც ჯგუფური და ორგანიზებული თავდასხმის ვერსიას ამყარებს - კიდევ ერთი, მესამე ავტომობილია. მანქანა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდგარ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან რამდენიმე წამით ჩერდება, შემდეგ კი უკუსვლით ავტომობილს აპარკინგებს. ორივე კაცმა, რომლებიც მშვილდაძეს ფორმულას შენობიდან აედევნენ და შემდგომ მასზე თავდასხმას უყურებდნენ, ამ მანქანით დატოვა ტერიტორია.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს"

ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა. 

ფორმულას მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე 4 ადამიანი, ცალცალკე მიდის იმ ტერიტორიისკენ სადაც თავდასხმა მოხდა. მათგან ორი კარფურისკენ აგრძელებს სვლას 2 კი იქვე, ბუჩქებთან ჩერდება. ამ 4 ადამიანიდან ერთ-ერთი ნიკოლოზ გუგეშაშვილია, რომელმაც მოგვიანებით Facebook-პოსტით აღიარა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა.

ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.


close დახურვა