logo
ENG



კობახიძე ევროპარლამენტარებს, რომლებიც სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ "ოდიოზურებს" უწოდებს

14 ივლ 202312:31
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ევროპარლამენტარებს, რომლებიც სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ "ოდიოზურებს" უწოდებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 44 ევროპარლამენტარს, რომლებიც ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გადაიყვანონ "ოდიოზურებს" უწოდებს და ამბობს, რომ მათი ქმედებები "აბსურდული და სამარცხვინოა".

კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტარების მიზანი საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება და "მეორე ფრონტია". მისივე თქმით, ოცნება იმოქმედებს "არა ოდიოზური ევროპარლამენტარების, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით".

"ამ მოწოდების ავტორები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები. გახსოვთ, 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი ყოველ დღე კვდებოდა, შემდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა აღარ კვდებოდეს ყოველ დღე, თუმცა რაღაც მომენტის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება შეცვალა. ეს უბრალოდ არასერიოზული, სამარცხვინოა, რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ არის არა მარტო აბსურდი, არამედ უბრალოდ სამარცხვინოა, ეს თამამად შეიძლება ითქვას. ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული მიზანი - ეს არის პოლარიზაციის გაღვივება, ქვეყანაში არეულობის შემოტანა, მეორე ფრონტი და ჩვენ ამ ყველაფერს არ დავუშვებთ, ჩვენი მიზანი არის საპირისპირო. ჩვენ არ გვინდა პოლარიზაცია, ქვეყნის არევა და გვინდა მშვიდობა ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ვიმოქმედებთ არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესების კარნახით", - განაცხადა კობახიძემ.

44 ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ის "საჭირო და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღებას" შეძლებს.

დეპუტატები წერილით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილის და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ. 

დეპუტატები შეშფოთებას გამოხატავენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობის სწრაფი გაუარესება იმაზე მეტყველებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღონ ემპათიური და მორალურად სწორი გადაწყვეტილება და სააკაშვილი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაიყვანონ.

წერილში რომელსაც ხელს, 44 ევროპარლამენტარი აწერს, წერია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მომავალში მეტად დაახლოება განისაზღვრება საქართველოს მხრიდან "ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრინციპების, მათ შორის ადამიანური თანაგრძნობისა და ნებისმიერი ინდივიდისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღების ბაზისური უფლებებისადმი თანაბრად ურყევი ერთგულების დემონსტრირებით".


close დახურვა