logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: როცა მთელი სამყარო შენ "გებრძვის"

16 ივლ 202319:33
3 წუთის საკითხავი
clock 869

"უკრაინამ რუსეთი თუ დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღა საჭიროა?!" - ეს სიტყვები საქართველოს ფორმალურ, მაგრამ მაინც პრემიერ მინისტრს ეკუთვნის...  გარდა იმისა, რომ ამ კაცმა უბრალოდ არ იცის, თუ როდის, რატომ და რა მისიით შეიქმნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ვერც იმას ხვდება, რომ დღეს და მომავალშიც, საერთაშორისო სამართალზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფას ყველაზე ეფექტურად სწორედაც რომ ნატო ახორციელებს და მასში გაწევრიანება არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დაცვას ემსახურება. მეტიც, თუ კი არა, როდესაც უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, სწორედ ამის შემდეგ იქნება მისი ალიანსში ყოფნა განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რუსეთმა, როგორც აგრესიულმა და იმპერიული ამბიციების მქონე სახელმწიფომ, ფეხზე წამოდგომისა და მოძლიერების შემდეგ კვლავ რევანში არ მოინდომოს და ახალი საფრთხეები არ გააჩინოს.

ვილნიუსის სამიტზე კი გვითხრეს, რომ უკრაინა დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, საქართველო კი ისე შორს, როგორც არასდროს…  კიევს ალიანსის წევრობისთვის სამოქმედო გეგმა, ანუ მაპი აღარ ჭირდება და სანამ ალიანსის უსაფრთხოების ქოლგას მიიღებს, დიდი შვიდეულის ქვეყნები დაიცავენ. უკრაინა-საქართველოს დუეტი ნატოსთვის, ისევე როგორც საქართველო-უკრაინა-მოლდოვას ტრიო ევროკავშირისთვის - დაშლილია.

პრემიერი ღარიბაშვილი კი თავგამოდებით გვიმტკიცებს, რომ უკრაინას ნატოსგან არაფერი მიუღია, ხოლო საქართველოს არაფერი დაუკარგავს. მეტიც, მისი თქმით, მტერსაც არ უსურვებს დღეს უკრაინის ხელისუფლების ადგილას ყოფნას და ზელენსკისგან განსხვავებით, მან თავად არ ისურვა ალიანსის პირველი პირების ვახშამზე დასწრება, რითაც არც მას და არც საქართველოს თითქოს არაფერი დაკლებია. არადა ზუსტად ვიცით, და არა მარტო ჩვენ, რომ ღარიბაშვილი სწორედ ამ ვახშამზე მოხვედრას ცდილობდა ყველაფრის ფასად, მაგრამ უშედეგოდ. მას პირდაპირ უთხრეს, რომ გლობსეკის სამიტზე გაკეთებული პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებების გამო არც სამიტზე და არც ვახშამზე მისი დანახვა არავის გაუხარდებოდა.

ვითარება გაცილებით უარესია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და მთავარი პრობლემა აღარც ღარიბაშვილის პერსონაში და არც მის განცხადებებშია: ალიანსსა და მის გავლენიან წევრებს სურვილი რომ ჰქონოდათ, სამიტზე, საქართველო უმაღლეს დონეზე ყოფილიყო წარმოდგენილი, ამას პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიპატიჟებითაც მოახერხებდნენ. მით უმეტეს, საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო მედიასა და ევროპულ პოლიტიკულ ელიტაში თამამად პოზიციონირებს, როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერი, ამავე დროს, ქვეყნის ხელისულფებისგან განსხვავებით, საკმაოდ კრიტიკულია რუსეთთან და მეგობრულია უკრაინასთან მიმართებაში.

ფაქტია, ალიანსში გადაწყვიტეს, რომ საქართველო ამ ეტაპზე აღარ წარმოადგენს ნატოს სანდო მოკავშირეს, რადგან მისი ხელისუფლების პოლიტიკური ხაზი სრულ წინააღმდეგობაშია ნატოსა და ევროკავშირის პოზიციებთან. და თუ ბოლო წლებში, მიუხედავად ხელისუფლების უკიდურესი პასიურობისა, საქართველო ინერციით მოძრაობდა ალიანსისკენ, ევროატლანტიკური არჩევანის უალტერნატივობაზე ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის, ჩვენი დასავლელი მეგობრების ძალისხმევის და ქართველი  ჯარისკაცების საერთაშორისო, მათ შორის ნატოს მისიებში დაღვრილი სისხლის ხარჯზე, დღეს უკვე მივედით წერტილამდე, როდესაც ოცნების ხელისუფლების ღიად ანტიდასავლურმა და პრორუსულმა რიტორიკამ და რაც მთავარია, ნაბიჯებმა ამ ინერციას ძალა, დასავლელ მეგობრებს კი საქართველოს მხარდაჭერის ენთუზიაზმი და მოტივაცია გამოაცალა. ნიშანდობლივია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველო ლუკაშენკოს ბელორუსთან ერთად ახსენა, ქართველ ხალხს კი თავისუფლებისთვის ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

ეს სიტყვები შემთხვევით არ გვესმის პრეზიდენტ ბაიდენისგან, რომელიც გაგიკვირდებათ და ნატოს გაფართოვებისა თუ რუსეთთან მკაცრი პოზიციონირების კუთხით დღეს "ძველი ევროპის" ლიდერებზე მეტად ფრთხილი და თავშეკავებულია. არადა ისტორიაში ყოველთვის პირიქით იყო: ვაშინგტონი მოსკოვთან მიმართებაში უფრო მეტ სიხისტეს და პირდაპირობას იჩენდა, ვიდრე ევროპა. დღეს ეს "სიფრთხილე" იმით კი არ აიხსნება, რომ ამერიკა რუსეთს ელოლიავება და პუტინის გადარჩენას ცდილობს, არამედ იმით, რომ პუტინის თემა და ომის ბედი უკვე გადაწყვეტილია, ვაშინგტონი კი განსაკუთრებული წინდახედულობით და პასუხისმგებლობით ეკიდება რეგიონის ომის შემდგომ პერსპექტივასა და ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებას. უკიდურესად დასუსტებულ რუსეთს მხოლოდ ჩინეთის მარიონეტობის პერსპექტივა აქვს, რაც გლობალური კონკურენციის კონტექსტში ვაშინგტონს საფუძვლიანად ადარდებს. ადრე თუ გვიან ომი უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება, რკინის ფარდა კი ამჯერად ცივი ომისგან განსვავებით, რუსეთის საზღვრებზე დაეშვება. ნიშანდობლივია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში გაჩენილი ტერმინი  - გეოპოლიტიკური ევროპა, რომელიც რუსეთის მიღმა არსებული დემოკრატიული სამყაროს ახალ კონტურებს ხაზავს და რომელშიც, მართალია შორეულ პერსპექტივაში, თუმცა საქართველოსაც მოიაზრებენ, რაც დამაიმედებელია, თუმცა არამცდაარამც გარანტირებული, რადგან როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი ბელარუსთან ერთიან კონტექსტში  გახსენებს, ეს უტყუარი სიგნალია იმისა, რომ შენთვის ავტომატურად არაფერი მოხდება, გეოპოლიტიკურ ევროპაში ადგილის მყარად შენარჩუნებას კი ბრძოლა სჭირდება. ამიტომ, თუ ამ უნიკალური და ისტორიული შესაძლებლობის გამოსაყენებლად ხელს არ გავანძრევთ, ახალი რკინის ფარდის მიღმა აღმოვჩნდებით. 

გეოპოლიტიკურ ევროპას, ანუ ამ ქვეყნის საბოლოოდ სამშვიდობოზე გაყვანას, ყველაზე მეტად მოსკოვიდან მართული ხელისუფლება გვაშორებს.

ივანიშვილი - დაახლოებული ფილოსოფოსის და მისი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით აქამდე სულ იმას გვიმტკიცებდა, რომ ბაიდენს, ამერიკას, ევროკავშირს, შვეიცარიის საბანკო სისტემას და მთელ მსოფლიოს რამდენიმე გავლენიანი ოჯახი და ამერიკული სპეცსამსახურები მართავენ, რომ ივანიშვილია ერთადერთი მსოფლიოში, რომელიც მათ ჰეგემონიას არ ემორჩილება და "აგენტოკრატიის დამყარებაში ხელს უშლის".. რამდენიმე დღის წინ ბიძინას მესინჯერმა მთელ ქვეყანას გვაუწყა, რომ ქართული სახელმწიფოს მიმტაცებელი ოლიგარქი ამერიკის სპეცსამსახურებისთვის "კატეგორიულად მიუღებელი პერსონაა". არ ვიცი მართლა სჯერა თუ არა, მაგრამ თავად ივანიშვილი გვიმტკიცებს,  რომ ამერიკის შეერთებული შტატები ებრძვის და მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი სპეცსამსახურები მას კატეგორიულად მიუღებელ ფიგურად მიიჩნევენ. მე არაფერს ვაზვიადებ - ვიმეორებ მხოლოდ იმას, რასაც ივანიშვილი თავისი პროპაგანდისტული მანქანით გვეუბნება. ანუ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ქვეყანას ის სამიზნეში ჰყავს ამოღებული.

საქართველოსთვის თავისუფლების სამყაროს ლიდერთან ერთ ბანაკში ყოფნა ჯობია, თუ ბალზამირების წამალგამოლეული ლენინურ-სტალინური ხრწნადი იმპერიის გვამთან საფლავში ყოფნა? - კითხვაზე პასუხი ნათელია, მაგრამ ვისაც ეს პერსპექტივა თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად მიაჩნია, ანუ ოცნების ლიდერების და მათი მხარდამჭერების ადგილზე, ამ განცხადებების შემდეგ კარგად დავფიქრდებოდი: თუნდაც მათი კერპის მიერ აღმოჩენილი "ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტი" რას გკარნახობთ - ბიძინა-ამერიკის შეერთებული შტატების ე.წ. დაპირისპირებაში მაინც რომელ მხარეს ჯობია იდგეთ?!


close დახურვა