ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის პროტესტით დახვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში "მზად არიან მიიღონ Astoria Grande-ს ლაინერი" და რუს ტურისტებს "თბილ დახვედრას" ჰპირდება.
"რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება", - უთხრა ასლან ბჟანიამ რუსულ სამთავრობო მედია Tass-ს.
ბათუმში გამართულ პროტესტზე საუბრისას ბჟანიამ აღნიშნა, რომ "სოხუმის საზღვაო პორტი მზადაა მიიღოს Astoria Grande. სიხარულით ვეპატიჟებით ჩვენთან, აფხაზეთში და ვპირდებით თბილ დახვედრას რუს ტურისტებს".
31 ივლისს, ბათუმში, სადაც მოქალაქეები რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებდნენ უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პარტია ლელოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა. ამავე დღეს, ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე 23 ადამიანი დააკავეს.
ბათუმში, მოქალაქეები რუსული საკრუიზო გემის შემოსვლამდე შეიკრიბნენ. აქცია გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი - ლაინერი Astoria Grande აჭარას გვიან ღამით დატოვებს.
ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.
ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.
მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.
ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.