logo
ENG



სარჯველაძე: [ფარცხალაძის მოქალაქეობაზე] ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ნონსენსია, აბსურდულია

23 სექ 202321:38
3 წუთის საკითხავი
clock 2130
სარჯველაძე: [ფარცხალაძის მოქალაქეობაზე] ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ნონსენსია, აბსურდულია

ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ოთარ ფარცხალაძისთვის ზურაბიშვილის მიერ მოქალაქეობის არშეწყვეტას აბსურდულსა და ნონსენს უწოდებს. სარჯველაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას შეცვლის. 

"კანონი, ხშირ შემთხვევაში, არ ვარაუდობს ხოლმე, რომ ასეთი უცნაური გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღონ, ისეთი მაღალი თანამდებობის პირებმა, როგორიც საქართველოს პრეზიდენტია, ამიტომ ასეთი შემთხვევები პირდაპირ რეგლამენტირებული არ გახლავთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ალბათ ადრე თუ გვიან, მას შემდეგ, რაც მიხვდება, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისითაც, არც მისთვის და არც სხვისთვის ეს გადაწყვეტილება გამართლებული არ არის, ალბათ, შეცვლის გადაწყვეტილებას. 

[...] ყველა მეტი პასუხისმგებლობით უნდა იყოს განწყობილი, როდესაც მსგავს საკითხებს აფასებს. ეუბნება საზოგადოებას, რასაც ეუბნება და მოგვიანებით, ძალიან მალევე, საზოგადოება იგებს, რომ ასეთი მიწოდებული ინფორმაცია, განმარტებები აღმოჩნდა მცდარი", - აცხადებს სარჯველაძე იმედის ეთერში. 

22 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უწყვეტს. ზურაბიშვილის თქმით, მიიჩნევს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი თუ დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე. 

***

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობას, არსებული ინფორმაციით, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ამაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

 

 

 

 

close დახურვა