logo
ENG



ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზაში სახმელეთო ჯარებით ლოკალური რეიდები დავიწყეთ

13 ოქტ 202321:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/13/xs7yp5k5o89ko64.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში ქვეითი ძალები და ტანკები შეიყვანეს და ლოკალური რეიდები დაიწყეს. მათი თქმით, მიზანი ჰამასის ტერორისტებისგან ტერიტორიის გაწმენდა და დაკარგული მოქალაქეების პოვნაა. 

IDF-ის სპიკერის განცხადებით, ჩატარდა ჩხრეკა და დაშალეს და რამდენიმე სამხილი მოიპოვეს. 

"ყველა ღონეს ვიხმართ, რათა ვიპოვოთ ყველა დეტალი დაკარგული და მძევლად აყვანილი ადამიანების შესახებ", - განაცხადა მან. 

ბოლო ინფორმაციით, ჰამასს მძევლად დაახლოებით 150-დან 200-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი. 

გარდა ამისა, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორზე ჰამასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშები მიაქვთ. IDF-ის თქმით, შეტევის შესახებ დამატებით დეტალებს მალე გაავრცელებენ. 

მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Reuters-ის ოპერატორი ლიბანში ისრაელის საპასუხო ცეცხლს ემსხვერპლა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, დაიჭრა Al Jazeera-ს ორი ჟურნალისტი. 

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა