logo
ENG



AP: აშშ-ის დაზვერვის წინასწარი შეფასებით, პრიგოჟინის თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდეს

25 აგვ 202311:13
3 წუთის საკითხავი
 

Associated Press-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის წინასწარი შეფასებით, ავიაკატასტროფა, რომელსაც კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ემსხვერპლა, განზრახ მოაწყვეს.

აშშ-ისა და დასავლეთის ოფიციალურმა პირმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პრიგოჟინი "ძალიან სავარაუდო" სამიზნე იყო. ოფიციალური პირის თქმით, ასეთი აფეთქება ემთხვევა "პუტინის ხანგრძლივ ისტორიას, გააჩუმოს კრიტიკოსები".

აშშ-ის დაზვერვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა AP-ს ინფორმაცია ანონიმურად მიაწოდეს, რადგან არ ჰქონდათ უფლება, მეტი დეტალი გაევრცელებინათ აფეთქების შესაძლო გარემოებებთან დაკავშირებით.  

ამ საკითხზე პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პეტრიკ რაიდერმა ისაუბრა და ინფორმაციას, რომ თვითმფრინავი ხმელეთიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო, არაზუსტი უწოდა. მან არ დააკონკრეტა, აქვს თუ არა პენტაგონს ავიაკატასტროფის ბომბის საშუალებით გამოწვევის ეჭვი.

23 აგვისტოს ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაში ირიცხებოდა ევგენი პრიგოჟინიც, თუმცა თავდაპირველად მისი ბორტზე ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.

რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა - ის შერემეტიევოს აეროპორტიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.


close დახურვა