logo
ENG



Amnesty International და HRW სააკაშვილზე: უნდა განიხილონ სამედიცინო მიზნით გათავისუფლება

02 მარ 202310:54
3 წუთის საკითხავი
 

Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი ამბობენ, რომ "საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობაზე, აყენებს მას სიკვდილის, მუდმივი შშმ პირობის ან ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი ზიანის საფრთხის წინაშე".

"მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შეიძლება წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას წარმოადგენს და მის სიცოცხლეს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. სამედიცინო დახმარებაზე განზრახ უარის თქმის შედეგად პატიმრობაში სიკვდილი არის სიცოცხლის თვითნებური აღკვეთა, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის განიხილოს მისი სამედიცინო ნიშნით გათავისუფლების შესაძლებლობა", - თქვა Amnesty International-ის დირექტორის მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, დენის კრივოშეევმა.

"ორმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ჯგუფმა დაასკვნა, რომ სააკაშვილს ბოლო 16 თვის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა მრავალი სიცოცხლისათვის საშიში დაავადება. ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, სააკაშვილს აქვს ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მის სიცოცხლეს და ის საჭიროებს საქართველოში მიუწვდომელ მკურნალობას.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების აზრით, რომლებმაც სააკაშვილი 19 თებერვალს მოინახულეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა მათი წინა ვიზიტის შემდეგ, რომელიც 2022 წლის დეკემბერში შედგა და მალე მას ორგანოთა შეუქცევადი დაზიანება დაემუქრება. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ მძიმედ დაავადებული პატიმრების გათავისუფლება მოხდეს; თუმცა, ასეთი მოთხოვნები ხშირად უარყოფილია. 6 თებერვალს თბილისის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის შუამდგომლობა მისთვის სასჯელის გადავადების ან შეჩერების შესახებ სამედიცინო მოტივით. გადაწყვეტილება სააკაშვილის ადვოკატებმა გაასაჩივრეს.

სამედიცინო გადაწყვეტილებები ციხის გარეთ მუდმივი სამედიცინო დახმარებისა და ზედამხედველობის აუცილებლობის შესახებ, ან პატიმართა სამედიცინო ნიშნით გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ, უნდა მიიღოს პასუხისმგებელმა სამედიცინო პროფესიონალმა და არ უნდა იყოს უგულებელყოფილი ან იგნორირებული არასამედიცინო ორგანოების მიერ. საქართველოს კანონმდებლობამ უნდა მისცეს ჯანდაცვის პროფესიონალებს საშუალება შეაფასონ თავიანთი პაციენტების საჭიროებები ციხეში და დაუშვან მათი გადაყვანა შესაბამის დაწესებულებებში ან გათავისუფლება სამედიცინო ნიშნით საჭიროების შემთხვევაში", - წერია განცხადებაში.

"პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, როდესაც განკურნებადი მდგომარეობა ტრაგიკულად ფატალური ხდება", - თქვა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ქვეყნის სისხლის სამართლის სისტემის ამ ასპექტის ჰუმანიზაცია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. მათ უნდა დაიწყონ იმით, რომ უზრუნველყოფენ ისეთი სისტემა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღებას უზრუნველყოფს, და აუცილებლობის შემთხვევაში, გაითვალისწინებს პატიმრობიდან იმ პირების გათავისუფლებას, რომლის პატიმრობაში დარჩენა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებლად მიიჩნევა", - ნათქვამია განცხადებაში.

***

ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართა. ბრეგაძეს ოფიციალური განცხადება ევროკავშირის და შვედეთის ელჩებმა გადასცეს.

როგორც ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, EU-ს წევრი ქვეყნები ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ. ელჩის თქმითვე, ბრეგაძეს მათ საკუთარი პოზიცია გააცნეს, იუსტიციის მინისტრმა კი განუმარტა, "რას აკეთებს საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესანარჩუნებლად".

***

სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ, მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა - ექიმთა და ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ პაციენტი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა - მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.


close დახურვა