logo
ENG



EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისთვის სანქციების მე-8 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ

22 სექ 202210:53
3 წუთის საკითხავი
 
EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისთვის სანქციების მე-8 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მერვე პაკეტის დაწესებაზე და კიევისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, პუტინის განცხადებამ, რომელიც უკრაინის ტერიტორიის ანექსიას და ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას მოიცავდა, აჩვენა პანიკა და სასოწარკვეთა.

"აშკარაა, რომ პუტინი ცდილობს უკრაინის განადგურებას", - თქვა ბორელმა.

EU-ის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მოამზადონ სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მიმართული იქნება "რუსეთის ეკონომიკის უფრო რელევანტური სექტორების და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში მიმდინარე აგრესიულ ომზე".

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ ოფიციალურ შეხვედრას ოქტომბრის შუა რიცხვებში გამართავენ, როდესაც სანქციების პაკეტის ფორმალიზება მოხდება.

***

გუშინ, 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე, 8 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც მომავალში მოხდებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.

„მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ახალწვეული ჯარისკაცები არ მონაწილეობენ შეტაკებებში და არც მომავალში მიიღებენ მონაწილეობას. და არ იქნება დამატებითი რეზერვისტების გამოძახება“ - განაცხადა პუტინმა.

რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?

 

 

 


close დახურვა