logo
ENG



EU-ის 27-მა წევრმა ქვეყანამ ბრეგაძეს სააკაშვილის შესახებ ოფიციალური დემარშით მიმართა

27 თებ 202319:12
3 წუთის საკითხავი
 
EU-ის 27-მა წევრმა ქვეყანამ ბრეგაძეს სააკაშვილის შესახებ ოფიციალური დემარშით მიმართა
European Union in Georgia

ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართა.

ბრეგაძეს ოფიციალური განცხადება ევროკავშირის და შვედეთის ელჩებმა გადასცეს.

როგორც ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, EU-ს წევრი ქვეყნები ყოფილი პრეზიდენტის  მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.

ელჩის თქმითვე, ბრეგაძეს მათ საკუთარი პოზიცია გააცნეს, იუსტიციის მინისტრმა კი განუმარტა, "რას აკეთებს საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესანარჩუნებლად".

"ჩვენ გადავეცით იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარში, რომელიც ეხება ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ღრმად ვართ შეშფოთებული ცნობების გამო, რომ მისი მდგომარეობა უარესდება, მნიშვნელოვანია, რომ ამ დემარშს დათანხმდა ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა. 

წევრმა სახელმწიფოებმა ეს დემარში ბრიუსელში, ევროკავშირის 27-ვე დედაქალაქის მონაწილეობით შეათანხმეს. იუსტიციის მინისტრთან ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი გვქონდა. წარვადგინეთ ის პოზიცია, რომელზეც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა იყო შეთანხმებული და იუსტიციის მინისტრმა გვაცნობა, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ბრალდებულისა და პატიმრის, უფლებების შესანარჩუნებლად"- თქვა ჰერჩინსკიმ.

საქართველოს სახალხო დამცველმა 27 თებერვალს მიხეილ სააკაშვილთან მოწვეული სპეციალისტებისა და ექსპერტების ჯგუფის მორიგი დასკვნა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პაციენტი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. ომბუდსმენის კონსილიუმი ექსპრეზიდენტთან 19 თებერვალს იმყოფებოდა.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა - მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.


close დახურვა