logo
ENG



NCDC: ანაფილაქსია იშვიათი მოვლენაა, მისი განვითარება ვაქცინის უხარისხობას არ ნიშნავს

20 მარ 202118:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/20/xvaoajjmo5hhm5j.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტავს, თუ როგორი ტიპის რეაქციაა ანაფილაქსია და აღნიშნავს, რომ ანაფილაქსია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა.

როგორც NCDC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ანაფილაქსია ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენაა და მისი განვითარება ვაქცინის უხარისხობას არ ნიშნავს. 

"ანაფილაქსია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. ანაფილაქსიის პირველი სიმპტომებია მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა. ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს.

ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას", - წერია განცხადებაში. 

ცნობისთის, ევროპის წამლების სააგენტომ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტიანია" და "მას გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი". 

მოგვიანებით განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც გააკეთა. WHO-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ასტრაზენეკაზე დასკვნა დადო, რომლის თანახმადაც, ხსენებულ ვაქცინას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ვიდრე რისკი. 

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, 18 მარტს კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. თუმცა ექთნის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 19 მარტს გარდაიცვალა. მას სავარაუდოდ ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. 

 

 
 
 

close დახურვა