logo
ENG



NGO-ები: მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი

11 თებ 202214:33
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს ლონდა თოლორაიას სარჩელის დროულად განხილვისკენ მოუწოდებენ. 

გავრცელებულ განცხადებაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სარჩელის პრიორიტეტად განხილვა აუცილებელია "პარლამენტის მიერ დაწყებული დამაზიანებელი პროცესის შესაჩერებლად, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოების დასაცავად და მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად".

NGO-ები ასევე მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს,  შეაჩეროს ახლადშექმნილი უწყებების ხელმძღვანელების არჩევის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

"კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს საქმეს თუ „არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ საქმის პრიორიტეტულად გადაწყვეტის საჭიროებაზე.“ ასევე, შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება თუ „ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს“. აღსანიშნავია, რომ მსგავს საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება და იგი არ დგას კონსტიტუციური სტანდარტების პირველადი განმარტების საჭიროების წინაშე. ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს საქმის გადაწყვეტის სამართლებრივ ტვირთს.

აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია ყველა მატერიალური და პროცესუალური საფუძველი, სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელის დროულად და ეფექტურად განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელის განხილვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების (პირველი მარტის) შემდგომ არსებითად დააკნინიებს კონსტიტუციური კონტროლის ეფექტურობას და გამოიწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.

მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს ლონდა თოლორიას კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. აღნიშნული აუცილებელია, პარლამენტის მიერ დაწყებული დამაზიანებელი პროცესის შესაჩერებლად, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოების დასაცავად და მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოავლინოს სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიული განვითარების ნება და შეაჩეროს ახლადშექმნილი უწყებების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე არჩევის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • უფლებები საქართველო
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით 2019 წელს აირჩია. მის კომპეტენციაში შევიდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებაზე კონტროლი.

გასული წლის დეკემბერში ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი ახალი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უწყების გაყოფა მის გაძლიერებას უკავშირდება. 

კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღეს. სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება პირველ მარტს ეწურება. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, ისე სახალხო დამცველმა

სახელმწიფო ინსპექტორს მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა "დამოუკიდებლობისთვის" დასაჯა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ უწყების დაშლა მიხეილ სააკაშვილის საქმეს უკავშირდება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. 

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია. თუმცა სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროვებაზე ინსპექტორის ჯარიმა სასამართლომ გააუქმა


close დახურვა